მართვის მოწმობის აღების მსურველები პრაქტიკული გამოცდის გამარტივების მოლოდინში არიან. 15 ივნისიდან, ქალაქის გამოცდის პროცესში, გამომცდელი კანდიდატს შეცდომის გამოსასწორებლად „გონივრულ ვადას“ მისცემს. გარდა ამისა, 12 მსუბუქი შეცდომის რაოდენობა გაზრდილია 15-მდე.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ ავტოსკოლა „ბუკი დრაივის“ დამფუძნებელმა, სალომე ბუკიამ განუცხადა, ის გამოცდის გამარტივებას მიესალმება, თუმცა, ფიქრობს, რომ საგამოცდო პროცესში არის გარკვეული ხარვეზები.
„ცხადია, როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული გამოცდის გამარტივება დამატებითი სტიმული იქნება იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც წლებია უნდათ მართვის მოწმობის აღება, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო, ეშინიათ. გამარტივებული გამოცდა სტატისტიკასაც გააუმჯობესებს და უფრო მეტი პირი გვეყოლება, რომელიც გამოცდას ჩააბარებს. თუმცა, თვითონ ქალაქის გამოცდის პროცესში არის გარკვეული გამოწვევები. ვფიქრობ, საგამოცდო მარშრუტი უნდა გადიოდეს უფრო მოწესრიგებულ გზაზე, რადგან დღეს, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს დაუხაზავი მარშრუტები. არის შემთხვევები, როდესაც მძღოლობის კანდიდატები წარმოსახვითი ხაზის გამო იჭრებიან. გარდა ამისა, აუცილებლად მიმაჩნია, თბილისშიც მოეწყოს საგამოცდო მარშრუტები, რათა მძღოლობის კანდიდატებს დედაქალაქიდან სხვა ქალაქებში არ უწევდეთ წასვლა, რაც დამატებით დროსთან და ფინანსებთან არის კავშირში“, - განმარტა სალომე ბუკიამ.
მისივე თქმით, გამოწვევებია გეგმურ გამოცდაზე დარეგისტრირების მხრივაც. „სამწუხაროდ, გეგმურ - 90 ლარიან გამოცდაზე დასარეგისტრირებლად მძღოლობის კანდიდატებს უწევთ 2-3 თვეც კი ლოდინი, რადგან მაღალი მიმართვიანობის გამო, თვეში ერთხელ რეგისტრაციას ვერ ახერხებენ. ამიტომ, ვფიქრობ, კარგი იქნება, გეგმური გამოცდა თვეში 2-ჯერ თუ იქნება დაშვებული“, - აღნიშნა „ბუკი დრაივის“ დამფუძნებელმა.
ცნობისთვის, 2026 წლის 1-ელი ივნისიდან, მართვის მოწმობის ასაღებ პრაქტიკულ გამოცდასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ცვლილება ამოქმედდება, რომლის მიხედვითაც, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით მხოლოდ გეგმური გამოცდები ჩატარდება, არაგეგმური გამოცდის ჩაბარების საშუალება კი მოქალაქეებს მხოლოდ შაბათს ექნებათ.