განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა მთავრობის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში“ განიხილა.
საქართველოს 2025 წლის ეკონომიკური მდგომარეობისა და სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიში ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარადგინა. გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, გასულ წელს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროში 2 მილიარდ 738 მილიონ ლარზე მეტია ათვისებული, რაც გეგმის 96.6%-ს შეადგენს.
მისივე თქმით, სკოლამდელი და ზოგადი განათლების მიმართულებით ათვისებულია 1 მილიარდ 820 მილიონი ლარი და ათვისების მაჩვენებელი 96.4%-ია.
პროფესიული განათლების ნაწილში ათვისების მაჩვენებელმა 99.5% შეადგინა და 147 მილიონი ლარია ათვისებული. უმაღლესი განათლების მიმართულებით 181 მილიონი ლარია ათვისებული, რაც დაგეგმილ მაჩვენებელს აღემატება და 107.4%-ს შეადგენს. მეცნიერებისა და სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობისთვის 85 მილიონ ლარზე მეტია ათვისებული, ხოლო ათვისების მაჩვენებელი 99.5%-ია. ინკლუზიური განათლების მიმართულებით ათვისების მაჩვენებელი 99.7%-ს შეადგენს, ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით კი 298 მილიონი ლარია ათვისებული. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, 2025 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურმა ზრდამ წინა წელთან შედარებით 7.5%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.0% შეადგინა.
გიორგი კაკაურიძემ ყურადღება გაამახვილა საგარეო სექტორზე. მისი თქმით, 2025 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 25 მილიარდ 863 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 10.3%-ით მეტია. აქედან ექსპორტმა 7 მილიარდ 291 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 11.0%-ით აღემატება 2024 წლის მაჩვენებელს, ხოლო იმპორტმა - 18 მილიარდ 572 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 10.0%-ით მეტია 2024 წლის მაჩვენებელზე.
მისივე თქმით, 2025 წელს სავაჭრო პარტნიორებს შორის პირველ ადგილზე ევროკავშირი იყო. მთლიან საქონელბრუნვაში ევროკავშირის წილი 21.6%-ს შეადგენდა. გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, 2025 წელს საქართველოს 6 მილიონ 857 ათასამდე საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია. მათ შორის, ტურისტული ვიზიტორების რაოდენობამ 5 მილიონ 522 ათასამდე შეადგინა, რაც 2024 წლის ანალოგიურ მონაცემზე 8.4%-ით მეტია.
გიორგი კაკაურიძის თქმით, 2025 წლის ნაერთი ბიუჯეტში მობილიზებულ იქნა 28 მილიარდ 468 მილიონ ლარზე მეტი, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის 100.7% იყო. ასევე, 2025 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების შესრულებამ შეადგინა 100.8%, ხოლო გადასახდელების შესრულებამ - 99.2%. 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებმა 23 მილიარდ 991 მილიონი ლარი შეადგინა, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის 100.7%-ია.
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის გიორგი ჩაკვეტაძის შეფასებით, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მიმართულებით პროგრამებისთვის გამოყოფილი თანხები სრულად არის ათვისებული, რაც სექტორების მნიშვნელოვან მხარდაჭერასა და ხელშეწყობას უზრუნველყოფს.
სხდომაზე, ასევე, მოისმინეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენება „2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ“ მთავრობის ანგარიშზე და საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ.
წარმოდგენილი ანგარიშები განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა ცნობად მიიღო.