logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

BEKO წლის ბოლომდე, ქვეყნის მასშტაბით 5 ახალი ფილიალის დამატებას გეგმავს

BEKO წლის ბოლომდე, ქვეყნის მასშტაბით 5 ახალი ფილიალის დამატებას გეგმავს

1782720739

აქტიური მოლაპარაკება გვაქვს ბათუმის ახალ ფილიალთან დაკავშირებით და ასევე, უახლოეს მომავალში კიდევ ერთ ფილიალს ახალციხეში გავხსნით. წლის ბოლომდე გვინდა, რომ მინიმუმ 5 მაღაზია დავამატოთ, - ამის შესახებ კომპანიის პიარისა და მარკეტინგის ხელმძღვანელმა ხატია სოფრომაძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.

მისი თქმით, ბიზნესი აქტიურად ვითარდება, თუმცა ტენდენციები ცვალებადია. ხატია სოფრომაძე აღნიშნავს, რომ მსოფლიო ჩემპიონატის გამო ამ ეტაპზე, ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტი ტელევიზორია.

"ე.წ. გაგრილების სეზონი ყოველთვის მაისში იწყებოდა ხოლმე, თუმცა მიმდინარე წელს აღნიშნულმა სეზონმა გადაიწია და ივნისის ბოლოს დაიწყო, რაც გაგრილების ტიპის პროდუქციის(მაცივარი, კონდიციონერი) გაყიდვებზე აისახა. შესაბამისად, პირველ კვარტალში გაყიდვების უფრო მაღალი მოლოდინი გვქონდა, თუმცა ვარდნაც არ არის. ბიზნესი სტაბილურად ვითარდება.

ამ ეტაპზე, ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტი არის ტელევიზორი, რადგან მიმდინარეობს მსოფლიო ჩემპიონატი. ჩვენც გვაქვს შესაბამისი შეთავაზებები, როგორც ფასდაკლება, ისე საბანკო ქეშბექი, რადგან უფრო მეტი სტიმულაცია გაგვეკეთებინა. ამის შემდეგ ბოლო პერიოდში, დაიწყო კონდიციონერების სეზონი და აქტიური მოთხოვნაა ასევე, მაცივრებზე", - აცხადებს ხატია სოფრომაძე. 

ხატია სოფრომაძის ინფორმაციით, აქტიურად ვითარდება BEKO-ს აუთლეტ მიმართულება. მისი თქმით, ნორმალური ტენდენციები ფიქსირდება, თუმცა ამ მიმართულებით განვითარება ჯერჯერობით არ იგეგმება. BEKO-ს აუთლეტ მაღაზია ჯამში 3 ლოკაციაზეა წარმოდგენილი, მათ შორის, 2 თბილისში და 1 ბათუმში.

მანვე აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მომხმარებელი ჯერჯერობით ფიზიკურ მაღაზიებში შეძენას არჩევს, ბოლო პერიოდში, ძალიან მოთხოვნადი ხდება ონლაინ პლატფორმა და შესაბამისად, კომპანია ამ მიმართულებით განვითარებას კიდევ უფრო გეგმავს. 

"წელს ჩვენთვის მნიშვნელოვანია ონლაინ პლატფორმის მასშტაბები გავზარდოთ, რადგან ონლაინ გაყიდვებს საკმაოდ მზარდი დინამიკა უჭირავს. მომხმარებელში ონლაინ პლატფორმების მიმართ სანდოობა გაიზარდა", - აღნიშნა მან.

ცნობისთვის, Beko ამ ეტაპზე, საქართველოს მასშტაბით 100-ზე მეტ ფილიალს ფლობს. თანამშრომლობს მსხვილ სავაჭრო ქსელებთან, როგორებიც არის: „ელიტ ელექტრონიქსი“, „მეტრო მარტი“, „კონტაქტი“, „გრანდ ელექტრონიქსი“ და ასევე, 44–ზე მეტ ინტერნეტ მაღაზიასთან.

გამოგვყევით