logo
Loading data...
მთავარი ენერგეტიკა

სტატია

"ჩვენი პრიორიტეტია ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას დიდი ინდუსტრიული სადგურებით შევუწყოთ ხელი" - "გრინ ენერჯი"

კომპანია "გრინ ენერჯის" და "და-ტენეს" საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციების ხელმძღვანელის, მარიამ ბოკერიას შეფასებით, ამჟამად ძალიან ბევრი ქართული კომპანია მზის ენერგიაზე გადავიდა.

როგორც მარიამ ბოკერია გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განმარტავს, "გრინ ენერჯის" პრიორიტეტია ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას დიდი ინდუსტრიული სადგურებით შეუწყოს ხელი.

"ძალიან ბევრმა ქართულმა კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მზის ენერგიაზე გადასულიყო. ჩვენ საწყის ეტაპზე პატარა პროექტებით დავიწყეთ, თუმცა ახლა გადასული ვართ სრულიად ახალ მიმართულებაზე - ინდუსტრიული სადგურების მშენებლობაზე. კომპანიის მთავარი პრიორიტეტია დიდი ინდუსტრიული სადგურებით ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას შევუწყოთ ხელი და თავადაც გვქონდეს საკუთარი ენერგიის წყარო. ყოველთვის გვიწევს სიახლეებთან შეგუება - ჩვენი პირველი მზის ინდუსტრიული სადგური კასპში მდებარეობს, რომელსაც 1.98 მეგავატი სიმძლავრე აქვს", - აცხადებს მარიამ ბოკერია.

"და-ტენეს" საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციების ხელმძღვანელი უშუალოდ "და-ტენე"-ს შესახებაც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ქვეყნის მასშტაბით ივლისის ბოლოს 15 სწრაფი დამტენი განთავსდება, საიდანაც 5 დამტენი აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელ გზაზე იქნება წარმოდგენილი.

"და-ტენე" მომხმარებლის მოთხოვნიდან გამომდინარე შეიქმნა. მაშინ ელექტრომობილების დასამუხტი ქსელი არ არსებობდა. თავიდანვე გვინდოდა, რომ ჰაბი გამხდარიყო - არ ყოფილიყო მხოლოდ ერთ ადგილზე წარმოდგენილი.  მიმდინარე წელს გასული 3 წლის მაჩვენებელთან შედარებით ელექტრომობილებზე მოთხოვნა 3-ჯერ გაიზარდა, რაც ინფრასტრუქტურის განვითარებითაა გამოწვეული. დღეს ძალიან ბევრი ადამიანი ელექტრომობილის შეძენაზე თავს აღარ იკავებს. მაგალითად, თუ ადრე მეორე ავტომანქანად განიხილავდნენ, დღეს უკვე ძირითად ავტომობილად მოიაზრება", - ამბობს მარიამ ბოკერია.

ცნობისთვის, კომპანია "გრინ ენერჯი" (Green Energy) საქართველოს ბაზარზე 9 წელია ოპერირებს. ხოლო "და-ტენე" (Da-Tene) ელექტრომობილების სწრაფი დამტენების ქსელი ბაზარზე 2024 წელს გამოჩნდა. 

გამოგვყევით