პრემიერ-მინისტრის ინიციატივით და პარლამენტის სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისიის დასკვნის თანახმად, სააგენტოს დაევალა, რომ ქსელებში არსებული საუკეთესო შეთავაზებები განთავსებულიყო ერთ საინფორმაციო სივრცეში, მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, 13 საბაზისო პროდუქტზე, ესენია: რძე, შაქარი, მაკარონი, ქათმის ხორცი, კვერცხი და ა.შ. გაეცნონ საუკეთესო შეთავაზებებს, - ამის შესახებ GCCA-ის თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძემ ახალ საინფორმაციო პორტალზე - www.ekalata.gov.ge -ზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, პირველივე დღეს 20 000 ვიზიტორს გადააჭარბა ვებ-გვერდზე შესული ადამიანების რაოდენობამ.
"www.e-kalata.gov.ge არის საინფორმაციო პორტალი, რომელიც ერთ სივრცეში თავს უყრის საუკეთესო შემოთავაზებებს საოჯახო კალათის ძირითად სასურსათო პროდუქტებზე.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით და პარლამენტის სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისიის დასკვნის თანახმად, შეფასდა FMCG სექტორი, განისაზღვრა მოკლევადიანი, საშუალოვადიანი და გრძელვადიანი მოქმედებები იმისთვის, რომ ზოგადად ფასწარმოქმნის ჯაჭვი იყოს უფრო ეფექტური, ასევე შემუშავდა კონკურენციის მხარდამჭერი ღონისძიებები. ამ მოკლევადიანი სტრატეგიის ნაწილი იყო, რომ ქსელურმა მარკეტებმა დაიწყეს ძირითად სასურსათო პროდუქტებზე მოქალაქეებისთვის საუკეთესო შეთავაზებების წარდგენა, ეს შეიძლება იყოს ფასდაკლება, ან საუკეთესო ფასი, რომელიც მათ ქსელში აქვთ. ხაზი მინდა გავუსვა, რომ შემოთავაზება გულისხმობს ფასდაკლებასაც და ასევე ქსელში არსებულ საუკეთესო ფასსაც. შემდგომ დღის წესრიგში დადგა და სააგენტოს დაევალა, რომ ქსელებში არსებული ეს შეთავაზებები განთავსებულიყო საინფორმაციო ელექტრონულ სივრცეში, სადაც მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, რომ 13 საბაზისო პროდუქტზე, რომელსაც მოხმარებაში საკმაოდ დიდი წილი აქვს, ესენია: რძე, შაქარი, მაკარონი, ქათმის ხორცი, კვერცხი და ა.შ. შეადარონ ფასები. ვებ-გვერდზე განთავსებულია სხვა პროდუქტებიც. პორტალს ასევე აქვს შესაძლებლობა, რომ თუ ჩვენ გვსურს პროდუქტების კომბინაცია, გვსურს ვნახოთ საუკეთესო შეთავაზებები 5, 7 ან მაგალითად 12 პროდუქტზე, მოვძებნოთ, რომელ ქსელში არის შერჩეული პროდუქტების კომბინაცია საუკეთესო პირობებით.
პირველივე დღეს 20 000 ვიზიტორს გადააჭარბა ვებ-გვერდზე შემოსულმა ადამიანების რაოდენობამ, ბუნებრივია, ინტერესი ძალიან მაღალი იყო. ჩვენ ამ ინფორმაციას ვიღებთ უშუალოდ ქსელებიდან. ამ ეტაპზე 12 ქსელია წარმოდგენილი და კიდევ რამდენიმეს დამატებაზეა საუბარი. ეს 12 ქსელი და ზოგადად ორგანიზებული ბაზარი არის მთლიანი FMCG ბაზრის დაახლოებით 65 %, ანუ ეს ქსელები ბაზრის დიდ წილს მოიცავს და ეს წილი ყოველწლიურად მზარდია,“- აღნიშნა ირაკლი ლექვინაძემ.