გვაქვს გაფართოების სურვილი, თუმცა სავაჭრო ცენტრებში თავისუფალი ფართები გამოწვევად რჩება, - ამის შესახებ G-HOME-ის პიარისა და მარკეტინგის ხელმძღვანელმა ხატია სოფრომაძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, სავაჭრო ობიექტებში მაღაზიების გახსნასთან დაკავშირებით რიგებია.
"ამ ეტაპზე, G-HOME-ის ფიზიკური მაღაზია მხოლოდ East Point-შია განთავსებული და ასევე, აქტიურად მუშაობს ონლაინ პლატფორმაც. გვინდა მაღაზიების დამატება, თუმცა ფართების მოძიების კუთხით, სირთულეების წინაშე ვართ. ჩვენ ჯერჯერობით ორიენტირებულები ვართ დიდ ქალაქებში გაფართოებაზე. თბილისში მინიმუმ 2 ფილიალის დამატება გვინდა და ასევე, ბათუმში და ქუთაისში. ჩვენ ფილიალი გვქონდა ბათუმში, თუმცა სტიქია მოხდა, ჭერი ჩამოინგრა და აღნიშნულის გამო მოგვიწია დაკეტვა", - აცხადებს ხატია სოფრომაძე.
რაც შეეხება გაყიდვების დინამიკას, როგორც კომპანიის პიარისა და მარკეტინგის ხელმძღვანელმა აღნიშნა, G-HOME სტაბილურად ვითარდება.
ცნობისთვის, შპს "ჯი-ჰოუმ ჯორჯია" 2023 წელს შეიქმნა და ბაზარზე G-HOME-ის ბრენდით ოპერირებს. კომპანია საყოფაცხოვრებო ტექნიკის ბრენდ BEKO-ს დამფუძნებლებმა დააფუძნეს.