logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

"უცხოელი მოთამაშეებისთვის ცალკე ლიცენზია გაიცემა, სადაც ქართველებს თამაში აეკრძალებათ" - ლაშა პიტნავა

ფინანსთა სამინისტროს სათამაშო ბიზნესის პოლიტიკის სამმართველოს უფროსის, ლაშა პიტნავას შეფასებით, აზარტული თამაშების სექტორში ახალი რეჟიმი ყალიბდება.

როგორც ლაშა პიტნავა გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" აღნიშნავს, პარლამენტის მიერ ინიცირებული ცვლილებები უცხოელი მოთამაშეებისთვის ცალკე საერთაშორისო ლიცენზიის გაცემას ითვალისწინებს, ხოლო ქართველ მოთამაშეებს აღნიშნულ პლატფორმებზე თამაშის უფლება აღარ ექნებათ.

მისივე ცნობით, ახალი წესით, უცხოელი მოთამაშეების შემთხვევაში ოპერატორი მოგების 5%-იან გადასახადს გადაიხდის, თავად მოთამაშე კი მოგების გადასახადისგან სრულად გათავისუფლდება.

"პარლამენტის წევრების მიერ ინიცირებულია საკმაოდ საინტერესო საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ეხება სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინე თამაშების საერთაშორისო ნებართვას, სათამაშო აპარატების საერთაშორისო ნებართვასა და ტოტალიზატორის საერთაშორისო ნებართვის შემოღებას.

თუ დღეს არსებულ მოთამაშეთა ბაზას გადავხედავთ, დაახლოებით 6 000 უცხოელი მოთამაშე გვყავს, რომლებიც ქართველ ოპერატორებთან თამაშობენ. მოქმედი წესით, ოპერატორი მოგების 20%-იან გადასახადს იხდის, ხოლო მოთამაშე მოგებული თანხის განაღდებისას დამატებით 5%-იან გადასახადს იხდის. წარმოდგენილი ინიციატივით, უცხოელებისთვის ცალკე გაიცემა საერთაშორისო ლიცენზია, რომლის ფარგლებში თამაშის უფლება მხოლოდ უცხოელ მოთამაშეებს ექნებათ, ხოლო ქართველ მოთამაშეებს ამ პლატფორმებზე დაშვება აეკრძალებათ.

ამასთან, სანებართვო პირობების დარღვევისთვის პასუხისმგებლობაც მკაცრდება. ოპერატორებისთვის დაწესდება მნიშვნელოვნად მაღალი ჯარიმები, ხოლო სანებართვო პირობების სამჯერ დარღვევის შემთხვევაში ლიცენზიის ჩამორთმევის საფრთხე წარმოიქმნება", - აცხადებს ფინანსთა სამინისტროს სათამაშო ბიზნესის პოლიტიკის სამმართველოს უფროსი.

ლაშა პიტნავა ქართველი მოთამაშეების საკითხსაც შეეხო და განმარტა, რომ დღეს ხშირია შემთხვევები, როდესაც აზარტულ და მომგებიან თამაშებზე შეზღუდვის მქონე პირები სხვადასხვა შემოვლითი გზით სხვა ქვეყნების ოპერატორებთან თამაშობენ.

"აღნიშნულ ორგანიზაციებს საქართველოში საქმიანობა აკრძალული აქვთ. პარლამენტის მიერ ინიცირებული კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, ამ ოპერატორებს საქართველოს ბაზარზე ლეგალურად შემოსვლის შესაძლებლობა ექნებათ. რის საფუძველზეც ქართველ მოთამაშეებს მათ პლატფორმებზე თამაშს ავტომატურად აუკრძალავენ", – აცხადებს ლაშა პიტნავა.

შეგახსენებთ, პარლამენტმა 86 ხმით, პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა "ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ" კანონში ცვლილების შეტანას. კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა, ავტორი კი - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

გამოგვყევით