კონკურენციის ზრდის გამო, ფასების შემცირების გადაწყვეტილება მივიღეთ. ბაზარმა ასე დაარეგულირა. მიუხედავად იმისა, რომ ნედლეულის ფასი იზრდება, ჩვენ ეს გადაწყვეტილება მოგების ხარჯზე მივიღეთ. იმისთვის, რომ მომხმარებელი შეგვენარჩუნებინა სხვანაირად არ გამოდიოდა, - ამის შესახებ სუფრების, ხელნაკეთი ნივთებისა და დეკორაციების თანამედროვე ქართული ბრენდის "თინეს" დამფუძნებლმა თიკო კიკალეიშვილმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.
მანვე აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბაზარზე მზარდი კონკურენციაა, კომპანიის გაყიდვები ყოველწლიურად 20%-ით იზრდება.
"კომპანია ყოველთვის ვითარდება და ზრდის ასორტიმენტს. მიმდინარე პერიოდშიც ახალი ლარნაკები დავამატეთ და სექტემბერში ჩვენს მომხმარებლებს კიდევ უფრო მრავალფეროვან ასორტიმენტს შევთავაზებთ. გაყიდვების ტენდენცია ზაფხულობით უფრო მეტად იზრდება და დაახლოებით, 10-15%-იანი მატება ფიქსირდება ხოლმე. მომდევნო თვეებში უფრო მეტ ზრდას ველოდები, რადგან როდესაც დამსვენებლები რეგიონებში, აგარაკებზე დასასვენებლად მიემგზავრებიან, იქიდან აქტიურად ხდება შეკვეთები. შესაბამისად, ზაფხულის პერიოდში ჩვენს პროდუქციას უფრო მეტად პირადი გამოყენებისთვის ყიდულობენ. ყველაზე მოთხოვნადი სუფრებია, თუმცა ლარნაკებმაც საკმაოდ დიდი მოწონება დაიმსახურა და შესაბამისად, აღნიშნულზეც მაღალი მოთხოვნაა.
რაც შეეხება კონკურენციის საკითხს - ბაზარზე საკმაოდ დიდი კონკურენციაა და ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, რომ პოზიციები შევინარჩუნოთ. ჩვენ ჩვენი ლოიალური მომხმარებლები გვყავს, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ კონკურენცია გამოწვევად რჩება. აღნიშნულმა გამოიწვია ის, რომ ფასების კორექტირება - შემცირება მოგვიწია", - აცხადებს თიკო კიკალეიშვილი.
კომპანიის დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე "თინეს" პროდუქციის შეძენა ონლაინ ხდება, თუმცა სამომავლოდ მათ გეგმებში სტენდების დამატებაც შედის.
ცნობისთვის, სუფრების, ხელნაკეთი ნივთებისა და დეკორაციების თანამედროვე ქართული ბრენდი "თინე" ადგილობრივ ბაზარზე 3 წელია ოპერირებს.