BEKO-ს პიარისა და მარკეტინგის ხელმძღვანელის, ხატია სოფრომაძის განცხადებით, ამჟამად, ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტი ტელევიზორია, რაც მიმდინარე ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატს უკავშირდება.
როგორც მან "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა, აღნიშნულის საპასუხოდ კომპანიამ სპეციალური შეთავაზებები - ფასდაკლებები და საბანკო "ქეშბექი" აამოქმედა, რათა მომხმარებლებისთვის შეძენა კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გამხდარიყო.
ხატია სოფრომაძე აღნიშნავს, რომ მოთხოვნის ტენდენციები სეზონურად იცვლება. მისი თქმით, ე.წ. გაგრილების სეზონი, რომელიც ჩვეულებრივ მაისში იწყებოდა, წელს შედარებით გვიან - ივნისის ბოლოს გააქტიურდა, რამაც კონდიციონერებისა და მაცივრების გაყიდვებზე გავლენა მოახდინა.
"პირველ კვარტალში გაყიდვების უფრო მაღალი მოლოდინი გვქონდა, თუმცა ვარდნაც არ არის. ბიზნესი სტაბილურად ვითარდება", - აღნიშნა მან.
მისივე ინფორმაციით, კომპანია გაფართოებას აგრძელებს - აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს ბათუმში ახალი ფილიალის გახსნასთან დაკავშირებით, ხოლო უახლოეს მომავალში კიდევ ერთი ფილიალი ახალციხეში გაიხსნება. წლის ბოლომდე კი კომპანიას მინიმუმ 5 ახალი მაღაზიის დამატება სურს.
ცნობისთვის, Beko ამ ეტაპზე, საქართველოს მასშტაბით 100-ზე მეტ ფილიალს ფლობს. თანამშრომლობს მსხვილ სავაჭრო ქსელებთან, როგორებიც არის: „ელიტ ელექტრონიქსი“, „მეტრო მარტი“, „კონტაქტი“, „გრანდ ელექტრონიქსი“ და ასევე, 44–ზე მეტ ინტერნეტ მაღაზიასთან.