logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

"რაჭაში მაღალი კლასის სასტუმროების განვითარება ტურიზმის ზრდის პარალელურად დაიწყება" - "გარემო"

რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ სადმელში მდებარე კოტეჯების კომპლექსის "გარემოსდამფუძნებლის, თამარ დავითულიანის შეფასებით, რეგიონში მაღალი კლასის სასტუმროების ნაკლებობა ტურისტული სექტორის არასაკმარის განვითარებას უკავშირდება. როგორც თამარ დავითულიანი "ბიზნესპარტნიორთან" განმარტავს, აუცილებელია რაჭაში გასართობი ობიექტების შექმნა, სათავგადასავლო ტურიზმის განვითარება და ზამთრის ინფრასტრუქტურის მოწყობა.

მისივე თქმით, რაჭას მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტები ნაკლებად სტუმრობენ, რადგან რეგიონის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.

"მომხმარებელს რასაც შევთავაზებთ, მოთხოვნაც შესაბამისად გაიზრდება, თუმცა ამისთვის აუცილებელია მდგრადი ბიზნესგარემოს შექმნა. რეგიონში მაღალი კლასის სასტუმროების განვითარება ტურიზმის ზრდის პარალელურად დაიწყება. ვგულისხმობ ისეთი ტურისტული ობიექტებისა და ინფრასტრუქტურის განვითარებას, რომელიც მომავალში დამატებით ინვესტიციებს მოიზიდავს. ესენია: გასართობი ობიექტები, სათავგადასავლო ტურიზმი,  უნდა მოეწყოს ზამთრის ინფრასტრუქტურა. ვიზიტორებისთვის რაჭა ოთხივე სეზონზე მიმზიდველი ადგილი უნდა გახდეს. თუ პირველ ეტაპზე ეს ყველაფერი არ გვექნება, მაღალი კლასის სასტუმროების ქსელები რეგიონში ინვესტიციის განხორციელებით ნაკლებად დაინტერესდებიან. ახლა საშუალო კლასის სასტუმროებიც კი ძალიან ბევრს მუშაობენ, რადგან შესაბამისი გადახდისუნარიანი მომხმარებლის რაოდენობა შეზღუდულია. იმისთვის, რომ რაჭამ მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტი მიიზიდოს, აუცილებელია რეგიონის უფრო აქტიური პოპულარიზაცია. ვფიქრობ, სახელმწიფომ სხვადასხვა მარკეტინგული კამპანიით რაჭის ცნობადობის გაზრდაზე უნდა იზრუნოს.

რაც შეეხება კოტეჯებს, რეგიონში მათი რაოდენობა ნამდვილად იზრდება. თუმცა, უმეტეს შემთხვევაში, ადგილობრივები საოჯახო ტიპის ბიზნესად აშენებენ, რათა დამატებითი შემოსავალი მიიღონ. ეს როგორც წესი, მსხვილ საინვესტიციო პროექტებს არ წარმოადგენს", - ამბობს თამარ დავითულიანი.

საკითხის ირგვლივ იმავე პოზიცია აქვს რაჭაში, ამბროლაურის რაიონში მდებარე კოტეჯების "ბროწეულების" დამფუძნებელს, ფარნაოზ ბაკურაძეს. მისი თქმით, რაჭაში საშუალო კლასის სასტუმროების დეფიციტია, რადგან ტურისტული ინფრასტრუქტურა განვითარებული არ არის.

შეგახსენებთ, კომპანია HSC Group Hospitality-ის დირექტორმა გიორგი დოლიძემ 18 ივნისს "ბიზნესპარტნიორის" ღამის ეთერში აღნიშნა, რომ გასააქტიურებელია სვანეთისა და რაჭის მიმართულება, რადგან ამ რეგიონებში ჯერ კიდევ შეინიშნება საშუალო და მაღალი კლასის ბრენდული სასტუმროების დეფიციტი

ცნობისთვის, ტურისტული ობიექტი "გარემო" რაჭაში ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ სადმელში მდებარეობს და 4 კოტეჯისგან შედგება.

გამოგვყევით