logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

"უცხოელ ვიზიტორებს შორის იორდანიელი ტურისტები აქტიურობენ" - "ზღაპარი ცხვარიჭამიაში"

 კოტეჯები "ზღაპარი ცხვარიჭამიაში" დამფუძნებლის, ლია ბოდაველის ინფორმაციით, ზაფხულის სეზონი წინა თვეებთან შედარებით გაცილებით აქტიურია. 

როგორც ლია ბოდაველი "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნავს, ობიექტს უცხოელ ვიზიტორებს შორის ყველაზე ხშირად იორდანიელი ტურისტები სტუმრობენ. მისივე ცნობით, მიმდინარე სეზონზე უკვე აზიელ სტუმრებსაც უმასპინძლეს, თუმცა აღნიშნულ სეგმენტს ევროპელი ტურისტებისგან განსხვავებული მოთხოვნები არ აქვთ.

"ზაფხულის სეზონი წინა თვეებთან შედარებით გაცილებით აქტიურია. ანალოგიური ტენდენცია გვქონდა გასულ წელსაც. კოტეჯებთან ერთად ობიექტზე აუზიც ფუნქციონირებს და მომხმარებლების მხრიდან დაინტერესება მაღალია. რაც შეეხება გაზაფხულის სეზონს, სახარბიელო პერიოდი არ გვქონდა, დატვირთულობა დაახლოებით 40%-ს შეადგენდა. თუმცა, მაისიდან ვიზიტორების რაოდენობა გაიზარდა და დატვირთულობამ 60%-ს მიაღწია. ამჟამადაც იგივე მაჩვენებელი გვაქვს, ხოლო მომდევნო თვეებში 80-90%-იან დატვირთულობას ველოდებით. წინასწარი ჯავშნებიც საკმაოდ ბევრია - მომდევნო თვე უკვე სრულად დაჯავშნილია. ჩვენი სტუმრები არიან როგორც ადგილობრივები, ისე უცხოელი ტურისტები.

უცხოელ ვიზიტორებს შორის განსაკუთრებით იორდანიელები გამოირჩევიან, ისინი ობიექტს ხშირად სტუმრობენ. ამასთან, ჩვენს შეთავაზებებს ადეკვატურად ერგებიან. ასევე აქტიურობენ უკრაინელი ტურისტებიც. ამჟამად ტურისტულ ობიექტზე ფანჩატურის მოწყობა მიმდინარეობს. პროექტის საინვესტიციო ღირებულება დიდი მასშტაბის არ არის. გარდა ამისა, ვგეგმავთ ქართული კულინარიული მასტერკლასების დაწყებას, სადაც სტუმრები ხინკლის, ხაჭაპურისა და სხვა ტრადიციული კერძების მომზადებას შეძლებენ. უცხოელ ვიზიტორებს მსგავსი გამოცდილება ძალიან მოსწონთ, ამიტომ ამ მიმართულების განვითარებას ვაპირებთ. რაც შეეხება აზიელ სტუმრებს, მიმდინარე სეზონზე უკვე მათაც ვუმასპინძლეთ. ასევე გვყავდა ტურისტები თურქეთიდან. ჩემი გამოცდილებით, რთული სტუმრები არ არიან - პირიქით, დიდ ინტერესს იჩენენ, როგორც ადგილობრივი სამზარეულოს, ისე ქართული კულტურის მიმართ. აღნიშნული სეგმენტი, როგორც მაღალმხარჯველიანი, ასევე დაბალ ბიუჯეტის მქონე ვიზიტორებისგან შედგებიან", - აღნიშნავს ლია ბოდაველი.

ცნობისთვის, კოტეჯები ზღაპარი ცხვარიჭამიაში 4 კოტეჯს მოიცავს და სულ, 28 დამსვენებელს იტევს. პროექტის საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით, ₾460 000-ია.

გამოგვყევით