logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"გასულ წელს 28 000 ტონაზე მეტი ნარჩენი გადამუშავდა" - ლაშა ინაური

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ლაშა ინაურის ინფორმაციით, მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების შემოღებიდან ოთხი წელი გავიდა, ხოლო აღნიშნულ პერიოდში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა.

როგორც ლაშა ინაური გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განმარტავს, 2023 წელს გადამუშავებული იყო 11 000 ტონა ნარჩენი, 2024 წელს - 17 000 ტონა, ხოლო გასულ წელს აღნიშნულმა მაჩვენებელმა 28 000 ტონას გადააჭარბა.

მისივე ინფორმაციით, კომპანიები რომლებმაც მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაციები შექმნეს, საქართველოში საბურავების აღმდგენი და გადამამუშავებელი საწარმოს აშენებაზე მუშაობენ. 

"შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების მიდგომის შემოღება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო. აღნიშნული, ერთი მხრივ, გარემოს დაცვის მიმართულებით წინ გადადგმული ნაბიჯია, ხოლო მეორე მხრივ, ფინანსურ ინსტრუმენტს წარმოადგენს, რომელიც სპეციფიკური ნარჩენების სწორ მართვას უზრუნველყოფს.

ზოგადად, ყველა მიმართულება (საბურავები, ზეთები, აკუმულატორები და ელექტრო ნარჩენები) გარკვეულ გამოწვევებთან იყო დაკავშირებული. მაგალითად, ელექტრო და ელექტრონულ მოწყობილობებთან მიმართებით მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაციები ხშირად აღნიშნავდნენ, რომ მცირე ზომის ელექტრომოწყობილობების შეგროვება განსაკუთრებით რთულია. ბიზნესმა ოთხი წლის განმავლობაში ბაზრის ანალიზი გააკეთა. დღეს უკვე კომპანიები, რომლებმაც მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაციები შექმნეს, დოკუმენტაციისა და ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბების ეტაპზე არიან, რათა საქართველოში საბურავების აღმდგენი და გადამამუშავებელი საწარმო აშენდეს. იმედი გვაქვს, აღნიშნული საწარმო უახლოეს მომავალში ამოქმედდება. გარდა ამისა, ისინი უკვე მუშაობენ ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების, ასევე ბატარეებისა და აკუმულატორების გადამამუშავებელი საწარმოების შექმნის საკითხზე", - აცხადებს ლაშა ინაური.

ცნობისთვის, საქართველოში მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (მგვ) ძირითადი ნაწილი 2022 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდა. მიდგომა ავალდებულებს ბიზნესს იზრუნოს მათ მიერ ბაზარზე განთავსებული პროდუქციის სასიცოცხლო ციკლის დასრულებაზე, ანუ ნარჩენების მართვაზე. სისტემა ეხება სპეციფიკური ნარჩენების სხვადასხვა კატეგორიას ესენია: საბურავები, ზეთები, აკუმულატორები და ელექტრო ნარჩენები.

გამოგვყევით