logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"ინოვაციური პროდუქტის გარეშე ბაზარზე ინტერესის გაჩენა რთულია - ჩვენი რეალიზაცია 30%-ით გაიზარდა" - "ლუდისა"

ჩიფსის მწარმოებელი კომპანია "ლუდისას" კომერციული დირექტორის, ირაკლი ქურდაძის ინფორმაციით, კომპანია სტაბილურად ვითარდება, ხოლო ბოლო სამი თვის განმავლობაში პროდუქტის რეალიზაცია, წინა სამთვიან პერიოდთან შედარებით, დაახლოებით 25–30%-ით გაიზარდა.

როგორც ირაკლი ქურდაძე "ბიზნესპარტნიორთან" განმარტავს, გაყიდვების ზრდა, პირველ რიგში, მომხმარებლის კმაყოფილებამ განაპირობა. მისივე განმარტებით, ჩიფსების ბაზარზე კონკურენცია მაღალია, რადგან ძირითადი კონკურენტები იმპორტირებული პროდუქციის მწარმოებლები არიან.

"ბაზარზე წარმოდგენილია რუსული, უკრაინული და თურქული იმპორტი, შესაბამისად, კონკურენცია საკმაოდ მაღალია. გლობალურ ბრენდებს სავაჭრო ქსელების თაროების დაახლოებით 50% უჭირავთ. "ლუდისა" პრემიუმ კატეგორიის ჩიფსებს აწარმოებს. პროდუქტი მზადდება სპეციალური, მაღალი ხარისხის კარტოფილისგან, გამოიყენება მზესუმზირის ზეთი და არ შეიცავს არანაირ დანამატს. შესაბამისად, "ლუდისას" მომხმარებელი ძირითადად საშუალო და მაღალი შემოსავლის სეგმენტს წარმოადგენს. კომპანია სტაბილურად ვითარდება და ჩვენი მიზანია, ადგილობრივ ბაზარზე კიდევ უფრო ფართოდ გავფართოვდეთ", - აღნიშნავს კომპანიის წარმომადგენელი.

"ლუდისას" კომერციული დირექტორი კომპანიის ასორტიმენტის შესაძლო გაფართოებაზეც საუბრობს. მისი თქმით, ახალი პროდუქტების დამატება იგეგმებოდა, თუმცა ამ ეტაპზე მთავარი გამოწვევა საცალო ქსელების თაროებზე ადგილის მოპოვებაა. როგორც ირაკლი ქურდაძე განმარტავს, თუ პროდუქტი ინოვაციური არ არის, ბაზარზე ინტერესის გაჩენა და სავაჭრო ქსელების თაროებზე ადგილის დამკვიდრება ძალიან რთულია.

"ასორტიმენტის გაზრდას ვაპირებდით, თუმცა ამ ეტაპზე პროდუქტის მსხვილ საცალო ქსელებში განთავსების საკითხზე ვმუშაობთ. იმისთვის, რომ პროდუქტი ქსელური მარკეტების თაროებზე მოხვდეს, პირველ რიგში, მარკეტინგში მნიშვნელოვანი ინვესტიციის ჩადებაა საჭირო. შემდეგ კი, როდესაც პროდუქტს გაყიდვების ისტორია და მომხმარებლის ნდობა ექნება დიდი ქსელებიც ინტერესდებიან. ამ ეტაპზე მარკეტინგული დანახარჯები კომპანიებისთვის დამატებით ტვირთს წარმოადგენს, რადგან შედეგის გარანტია არ არსებობს. შესაბამისად, რისკის აღებისგან თავს იკავებენ, როგორც მწარმოებლები, ისე საცალო ქსელები. ორივე მხარე ასორტიმენტის ოპტიმიზაციას ახორციელებს, რათა თაროებზე მხოლოდ კარგად გაყიდვადი პროდუქცია დარჩეს და მისი რეალიზაციის მასშტაბი გაიზარდოს", - აღნიშნავს ირაკლი ქურდაძე.

კომპანიის წარმომადგენელი ექსპორტის შესახებ საუბრისას განმარტავს, რომ ამჟამად, "ლუდისას" პრიორიტეტი არა ექსპორტი, არამედ ადგილობრივი ბაზრის სრულად ათვისებაა. 

"რაც შეეხება ექსპორტს, აზერბაიჯანში გასვლას ვგეგმავდით და ამ მიმართულებით მუშაობაც მიმდინარეობს, თუმცა ჩვენი კომპანიის მთავარი მიზანი ექსპორტი არ არის. პირველ რიგში, გვინდა ადგილობრივ ბაზარზე სტაბილურად განვვითარდეთ. მაღალი ხარისხის ნედლეულს ვიყენებთ, თუმცა მისი საკმარისი რაოდენობა ყოველთვის ხელმისაწვდომი არ არის. ნედლეული საკუთარი მეურნეობიდან, ქვემო ქართლის რეგიონში, ბოლნისიდან მოგვყავს, ასევე კონტრაქტები ახალქალაქის ფერმერებთან გვაქვს. ჩვენი ნედლეული შაქრის ძალიან დაბალი შემცველობით გამოირჩევა. რაც შეეხება შესაფუთ მასალებს, ამ მიმართულებით ადგილობრივ მწარმოებელთან გვაქვს ხელშეკრულება გაფორმებული. პროდუქტის შეფუთვის ვადა 6 თვეა, დამატებით ვადის გამახანგრძლივებელ პრეპარატებს არ ვიყენებთ", - ამბობს ირაკლი ქურდაძე.

ცნობისთვის "ლუდისა" პირველი ქართული, პრემიუმ კლასის ტალღოვანი ჩიფსების ბრენდია, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე 2025 წლის მარტიდან ოპერირებს. კომპანია 3 სახეობის ჩიფსისგან შედგება: მარილიანი, ხახვი არაჟნის გემოთი და პომიდვრის სალსა. პროდუქცია წარმოდგენილია "აგროჰაბში", "კარფურში", "ფრესკოში", "გალფ სთორებში", "ზღაპარში" და ლუდის სპეციალიზებულ მაღაზიებში. კომპანია თბილისში მდებარეობს, ხოლო პროექტის საინვესტიციო ღირებულება ₾3 მლნ-ს აღემატება.

გამოგვყევით