"ფოთის საზღვაო ნავსადგურის" ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ზვიად ჩხარტიშვილის ინფორმაციით, პორტში ახალი მობილური საპორტო ამწე უკვე შეძენილია და მისი მონტაჟი წლის ბოლომდე დასრულდება. მისივე ცნობით, პროექტის საინვესტიციო მოცულობა დაახლოებით $7.1 მლნ-ია.
როგორც ზვიად ჩხარტიშვილი გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" აღნიშნავს, ამწის ამოქმედების შედეგად, პორტის წლიური გამტარუნარიანობა 50 000 ტეუთი (კონტეინერული გადაზიდვების საზომი ერთეული) გაიზრდება და ჯამში 650 000 ტეუს მიაღწევს.
"2026 წელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საკმაოდ პოზიტიურად დაიწყო. პირველი 5 თვის მონაცემებით 8.2%-იანი ზრდა გვქონდა. კვლავ რეკორდული რაოდენობის კონტეინერები დავამუშავეთ. შევიძინეთ ახალი მობილური საპორტო ამწე, რომელიც წლის ბოლომდე პორტში დაინსტალირდება. მისი ამოქმედების შედეგად, ჩვენი წლიური გამტარუნარიანობა 50 000 ტეუთი გაიზრდება და ჯამში 650 000 ტეუს მიაღწევს. აღნიშნული ინვესტიციის მოცულობა დაახლოებით $7.1 მლნ-ია, ინვესტირების შეჩერებას არ ვაპირებთ", - აცხადებს "ფოთის საზღვაო ნავსადგურის" ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.
სექტორის წარმომადგენელი შუა დერეფნის შესახებ საუბრისას განმარტავს, აშშ-ის მხარე შუა დერეფნის მიმართ დიდ ინტერესს იჩენს და პროექტის მიმართულებით მნიშვნელოვნად გააქტიურდა.
"შუა დერეფანი სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს. 10 ივნისს ვაშინგტონში გაიმართა ტრანსკასპიური ფორუმი, რომელიც აშშ-ის ინიციატივით ჩატარდა. ფორუმზე შესაძლებლობა გვქონდა, ფოთის საზღვაო ნავსადგურის დაგეგმილი პროექტები და ჩვენი ხედვა წარგვედგინა - როგორ უნდა განვითარდეს შუა დერეფანი და რა როლი ეკისრება ამ პროცესში ფოთის პორტს. ამერიკული მხარე საკმაოდ გააქტიურებულია და დიდ ინტერესს იჩენს. ასევე დასახელდა საქართველოში ინვესტირების მზაობაც. შესაბამისად, ახლა ბევრი რამ ჩვენზეა დამოკიდებული - რამდენად ვიაქტიურებთ. ზოგადად, შუა დერეფნის ძირითადი მარშრუტი საქართველოზე და ქვეყნის პორტებზე გადის", - აცხადებს ზვიად ჩხარტიშვილი.