Starbucks-ის პირველი ობიექტი საქართველოში 13 ივლისს გაიხსნება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია სოციალურ ქსელში ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, პირველი ობიექტი თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე, Axis Towers-ში გაიხსნება.
ცნობისთვის, Starbucks-ის პრეზიდენტმა სალეჰ ალშაიამ 16 აპრილს განაცხადა, რომ დიდი მოლოდინით ელის Starbucks-ის ქართულ ბაზარზე შემოსვლას.
"ვამაყობთ, რომ Starbucks-ს წარვუდგენთ ყავის ქართველ მოყვარულებს. ბრენდის საქართველოში შემოსვლას დიდი მოლოდინი ახლდა, რაც სრულად ეხმიანება ქვეყნის განვითარებულ კაფე-კულტურასა და ახალგაზრდა, დინამიკურ სამომხმარებლო გარემოს. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გამოსცადოს Starbucks-ის მაღალი ხარისხი და გამორჩეული სტუმართმოყვარეობა, ამავდროულად კი ხელი შევუწყოთ ადგილობრივი მომწოდებლების განვითარებასა და დასაქმების ახალი შესაძლებლობების გაჩენას საქართველოში", – განაცხადა სალეჰ ალშაიამ.
Starbucks-ის ბრენდის მაღაზიები საქართველოში Alshaya Group-თან პარტნიორობით გაიხსნება, რომელიც Starbucks-ის ერთ-ერთი უმსხვილესი ლიცენზირებული პარტნიორია მსოფლიოში. Alshaya Group ევრაზიაში Starbucks-ის 800-ზე მეტ ობიექტს მართავს თურქეთში, ყაზახეთში, აზერბაიჯანსა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში.
Starbucks მსოფლიო ბაზარზე 1971 წლიდან ოპერირებს და წარმოადგენს სპეციალიზებული ყავის ერთ-ერთ წამყვან მომწოდებელს. დღეს კომპანიის ქსელი 40 000-ზე მეტ ობიექტს მოიცავს.