logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"უძრავი ქონების ბაზარი განვითარების აქტიურ ეტაპზეა, თუმცა ევროპულ სტანდარტებს ჯერ კიდევ ჩამორჩება" - Bene Comfort

კომპანია Bene Comfort-ის მმართველი პარტნიორის, ბექა არაბულის ინფორმაციით, ამჟამად უძრავი ქონების ბაზარი განვითარების აქტიურ ეტაპზეა, თუმცა ევროპულ სტანდარტებს ჯერ კიდევ ჩამორჩება.

როგორც ბექა არაბული "ბიზნესპარტნიორთან" განმარტავს, დეველოპერული კომპანიები უძრავი ქონების მართვის აგენტებს უკვე პროექტის საწყის ეტაპზევე მიმართავენ, რაც იმაზე მიუთითებს, რომ დღეს უძრავი ქონების შეძენისას მომხმარებლები წინასწარ ფიქრობენ მისი მოვლისა და მართვის ორგანიზებულ საკითხებზე.

"მიუხედავად სწრაფი ზრდისა, სექტორი მაინც შორს დგას იმ დონესთან, სადაც რეალურად უნდა იყოს. ბაზარზე არაერთი გამოწვევა არსებობს. მაგალითად, პრობლემურია წვრილმანი ტექნიკური საკითხები, რომლებიც საბოლოო ჯამში მნიშვნელოვნად აისახება პროექტების ხარისხზე. თუმცა, სექტორი ეტაპობრივად მაინც ვითარდება. ბაზარზე უკვე არსებობენ დეველოპერები, რომლებსაც დასრულებული პროექტები აქვთ.

დღეს ადამიანები, როდესაც უძრავ ქონებას ყიდულობენ, უკვე წინასწარ ფიქრობენ მისი მოვლისა და მართვის ორგანიზებულ საკითხებზე. ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა სწრაფად მზარდ ბაზართან ფეხის აწყობაა. საქართველოში დეველოპმენტი მაღალი ტემპით ვითარდება, თუმცა გამოცდილება ამ მიმართულებით ჯერ კიდევ არასაკმარისია. მნიშვნელოვანია, დეველოპერებმა პროექტების ხარისხზე რესურსი არ დაზოგონ. განსაკუთრებით ისეთ ელემენტებზე, როგორიცაა მაგალითად, ლიფტები, რადგან მსგავსი შემთხვევები ხშირად რეპუტაციულ ზიანს იწვევს", - აღნიშნავს ბექა არაბული.

ამასთან, კომპანია Bene Comfort-ის მმართველი პარტნიორი ხელოვნური ინტელექტის შესახებ საუბრისას განმარტავს, რომ AI გარკვეულწილად სამუშაო პროცესებს ცვლის, თუმცა მათი სფეროს შემთხვევაში ადამიანური რესურსი შეუცვლელი დარჩება.

ცნობისთვის, კომპანია Bene Comfort უძრავი ქონების მართვასა და მოვლა-პატრონობას ახორციელებს. კომპანია ბაზარზე 2020 წლიდან ოპერირებს.

გამოგვყევით