რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ სადმელში მდებარე კოტეჯების კომპლექსი "გარემო" გაფართოვდა. როგორც კოტეჯების კომპლექსის დამფუძნებელი, თამარ დავითულიანი "ბიზნესპარტნიორთან" განმარტავს, ტურისტულ ობიექტზე არსებულ ძველ კოტეჯს სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდა და კომპლექსს 5 სასტუმროს ტიპის ნომერი დაემატა.
მისივე ინფორმაციით, პროექტის საინვესტიციო ღირებულება ₾250 000-ს შეადგენს, ხოლო კომპანიამ გაფართოების გადაწყვეტილება მომხმარებლის მოთხოვნიდან გამომდინარე მიიღო.
"კოტეჯის რეკონსტრუქცია რამდენიმე დღის წინ დავასრულეთ და ახალი ნომრები უკვე აქტიურად იჯავშნება. ინვესტიციის მოცულობამ, კოტეჯისა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობასთან ერთად, დაახლოებით ₾250 000 შეადგინა. მომავალშიც გვინდა გაფართოება, თუმცა ამ ეტაპზე ბაზარს დავაკვირდებით და მოთხოვნის შესაბამისად ვიმოქმედებთ.
რაც შეეხება ვიზიტორებს, სამწუხაროდ, რაჭაში უცხოელი ტურისტების დიდი ნაკადი არ არის, რადგან მათ განსხვავებული მოთხოვნები აქვთ. მაგალითად, სურთ უფრო მეტი გასართობი სივრცე და აქტივობა. ჩვენი დამსვენებლების მინიმუმ 80% ადგილობრივი ვიზიტორია. უცხოეთიდან ძირითადად ტურისტები საფრანგეთიდან, იტალიიდან და გერმანიიდან გვყავს. ახლა ზაფხულის სეზონზე ისეთი დატვირთულობა არ გვაქვს, როგორიც ამ პერიოდს შეეფერება, რადგან ამინდი ხელს არ გვიწყობს. მიმდინარე თვეში დაახლოებით 50%-იანი დატვირთვით ვმუშაობთ, თუმცა მომდევნო თვის დასაწყისიდან ინტენსიური ჯავშნები გვაქვს - ნომრების დაახლოებით 60% უკვე დაკავებულია. ზოგადად, ყველაზე აქტიური პერიოდი ივლისის მეორე ნახევრიდან იწყება.
რაც შეეხება აზიელ სტუმრებს, ამ სეგმენტიდან ჯავშნები არ გვქონია. ზოგადად, რეგიონში აზიელი ტურისტებიც ნაკლებად შეინიშნება. რაჭას მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტებიც იშვიათად სტუმრობენ, რადგან რეგიონის შესახებ საკმარისი ინფორმაცია არ აქვთ", - აღნიშნავს კოტეჯების დამფუძნებელი.
თამარ დავითულიანი რაჭაში გზის ინფრასტრუქტურის შესახებაც საუბრობს და განმარტავს, რომ რეგიონში შიდასახელმწიფოებრივი გზები მოწესრიგებულია.
"ინფრასტრუქტურას რაც შეეხება ამ მხრივ გამოწვევები არ გვაქვს - შიდასახელმწიფოებრივი გზები მოწესრიგებულია, თუმცა აუცილებელია გასართობი ობიექტების შექმნა, სათავგადასავლო ტურიზმის განვითარება და ზამთრის ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა", - აღნიშნავს "გარემოს" დამფუძნებელი.
ცნობისთვის, ტურისტული ობიექტი "გარემო" რაჭაში ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ სადმელში მდებარეობს და 4 კოტეჯისგან შედგება.