სიღნაღში მდებარე სასტუმრო "ბოდბეს" მარკეტინგის ხელმძღვანელის ქეთი ბახტურიძის განცხადებით, კახეთის რეგიონი საერთაშორისო ბაზრისთვის სულ უფრო საინტერესო მიმართულება ხდება.
როგორც მან "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნა, სასტუმრომ ზაფხულის სეზონი დადებითი დინამიკით დაიწყო. განსაკუთრებით თვალსაჩინო ევროპისა და აზიის ქვეყნებიდან ჩამოსული სტუმრების ზრდაა.
"გაზაფხულიდან მოყოლებული ჯავშნების სტაბილური ზრდა შეინიშნება და ეს ტენდენცია ზაფხულშიც გაგრძელდა. განსაკუთრებით მაღალი მოთხოვნა უქმე დღეებსა და სადღესასწაულო პერიოდებზე ფიქსირდება, თუმცა აქტიურია შუა კვირის ჯავშნებიც, როგორც ინდივიდუალური სტუმრების, ისე კორპორატიული და ტურისტული სეგმენტების მხრიდან. საერთო ჯამში, სეზონის დაწყებას პოზიტიური დატვირთვით ვხვდებით და არსებული დინამიკა ოპტიმისტური მოლოდინების საფუძველს გვაძლევს. სასტუმროს სტუმრებს შორის ამ ეტაპზე კვლავ ადგილობრივი დამსვენებლები და ექსპატები ჭარბობენ, რომელთა დიდი ნაწილი თბილისიდან გვსტუმრობს, თუმცა არიან სხვა დიდი ქალაქებიდან ჩამოსული სტუმრებიც.
ტურისტული სეზონის გააქტიურებასთან ერთად მნიშვნელოვნად იზრდება საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობაც. განსაკუთრებით თვალსაჩინოა ევროპისა და აზიის ქვეყნებიდან ჩამოსული სტუმრების ზრდა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ზოგადად კახეთის რეგიონი საერთაშორისო ბაზრისთვის სულ უფრო საინტერესო მიმართულება ხდება", - აცხადებს ქეთი ბახტურიძე.
მანვე აღნიშნა, მიმდინარე წელს წინასწარი ჯავშნების აქტივობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაიზარდა.
"წინასწარი ჯავშნები აქტიურად გვაქვს როგორც საერთაშორისო ტურისტების, ისე ადგილობრივი სტუმრების მხრიდან. ყველაზე ადრე, როგორც წესი, ჯავშნებს აკეთებენ ტურისტული ჯგუფები და კორპორატიული კლიენტები - მათი დაგეგმვის პერიოდი ხშირად რამდენიმე თვეს მოიცავს, ზოგ შემთხვევაში კი ექვს თვეზე მეტსაც. ინდივიდუალური სტუმრები შედარებით მოკლე პერიოდში ჯავშნიან, თუმცა მოთხოვნა განსაკუთრებით მაღალია უქმე დღეებსა და სადღესასწაულო პერიოდებზე, რის გამოც ამ თარიღებზე ოთახები ხშირად წინასწარ ივსება.
წინასწარი ჯავშნების მოცულობა ყოველდღიურად იზრდება. მიმდინარე წლის მონაცემებით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით უფრო მაღალი აქტივობა ფიქსირდება, რაც ბაზარზე სასტუმროს ცნობადობის ზრდასა და მზარდ მოთხოვნას უკავშირდება.
განსაკუთრებით მაღალია წინასწარი მოთხოვნა ზაფხულის უქმე დღეებზე და კორპორატიულ თუ სხვა ტიპის ღონისძიებებზე, ამიტომ სტუმრებს ყოველთვის ვურჩევთ, ვიზიტი წინასწარ დაგეგმონ", - აღნიშნა ქეთი ბახტურიძემ.
ცნობისთვის, სასტუმრო "ბოდბე" არის ქართული ბრენდის, მაღალი საერთაშორისო სტანდარტების მქონე სასტუმრო, რომელიც სიღნაღში მდებარეობს და განსაკუთრებული მდებარეობით გამოირჩევა. სასტუმროს თითოეული წერტილიდან შთამბეჭდავი ხედები იშლება ალაზნის ველზე, კავკასიონზე და თავად ქალაქ სიღნაღზე.
სასტუმროში წარმოდგენილია 5 კატეგორიის 132 ოთახი, განსხვავებული კონცეფციის ბარები და რესტორნები, როგორც ქართული, ასევე საერთაშორისო სამზარეულოთი. გარდა ამისა, ღონისძიებების მასშტაბური, კონვერტირებადი სივრცე, სპა და ველნეს ცენტრი საპროცედურო ოთახებით და შიდა და გარე აუზით. სასტუმროში ამ ეტაპზე დასაქმებულია 250-მდე ადამიანი და მათი უმრავლესობა ადგილობრივი კადრია.