logo
Loading data...
მთავარი ენერგეტიკა

სტატია

"მწვანე ენერგია" ეკონომიკისთვის დოვლათის მომტანი იქნება - მნიშვნელოვანია სატრანზიტო მიმართულების გაძლიერება" - მაია მელიქიძე

განახლებადი ენერგიის ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, მაია მელიქიძის შეფასებით, "მწვანე ენერგია" საქართველოს ეკონომიკისთვის დოვლათის მომტანი იქნება.

როგორც მაია მელიქიძე გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განმარტავს, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია სატრანზიტო მიმართულების გაძლიერება, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც მეზობელი სახელმწიფოები განახლებადი ენერგიის წყაროებიდან ელექტროენერგიის გენერაციას აქტიურად ავითარებენ.

"ენერგეტიკა იყო, არის და იქნება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და სტრატეგიული საყრდენი. საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც ენერგეტიკული ჰაბის ფუნქცია აქვს, რადგან განახლებადი ენერგიის რესურსებით მდიდარია და ჰიდროენერგეტიკის განვითარების 100 წელზე მეტი ისტორია აქვს. აღნიშნულს ემატება მზისა და ქარის ენერგიის მიმართულებები, ასევე ბიოენერგეტიკის განვითარება. განსაკუთრებით საინტერესო იქნება სუფთა ენერგიის ექსპორტის შესაძლებლობა ევროპულ ბაზარზე.  საქართველომ ორი მნიშვნელოვანი ფუნქცია უნდა შეასრულოს - ერთი მხრივ, გახდეს ენერგიის მწარმოებელი და ექსპორტიორი ქვეყანა, ხოლო მეორე მხრივ, სატრანზიტო დერეფნის როლი ჰქონდეს", - აცხადებს ასოციაციის წარმომადგენელი.

მაია მელიქიძე შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის საკითხსაც მიმოიხილავს და განმარტავს, რომ აღნიშნული პროექტი საქართველოს შესაძლებლობას მისცემს ე.წ. მწვანე ენერგია აწარმოოს და ევროპულ ბაზარზე გაიტანოს.

"ენერგეტიკული ბაზრების დივერსიფიკაცია აუცილებლად უნდა დავიწყოთ. ასევე მეორე მნიშვნელოვანი პროექტია "მწვანე ენერგიის დერეფანი" რომელიც ელექტროენერგიის ექსპორტს კიდევ უფრო გაზრდის. ამასთანავე, ელექტროენერგიის შემნახველი სისტემების განვითარებას ხელი მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ. ამ ეტაპზე საჭიროა შესაბამისი რეგულაციების შემუშავება, რომლებიც ჭარბად წარმოებული ელექტროენერგიის შენახვას ხელს შეუწყობს - საუბარია ენერგიის დამაგროვებლებზე, ბატარეებზე. კონკრეტულად ვსაუბრობ 200-მეგავატიან ქსნის ენერგოდამაგროვებელ პროექტზე, რომელსაც საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა ახორციელებს, ხოლო პროექტის დამფინანსებელი აზიის განვითარების ბანკია", - აღნიშნავს განახლებადი ენერგიის ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი.

გამოგვყევით