ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის, დავით კოდუას ინფორმაციით, სამეგრელოს რეგიონში ტურისტული აქტივობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მზარდი დინამიკით ხასიათდება. კერძოდ, ივნისის თვის მეორე ნახევრიდან ვიზიტორთა რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა.
როგორც დავით კოდუა "ბიზნესპარტნიორთან" განმარტავს, ამჟამად რეგიონში ტურისტების ძირითადი ნაკადი ევროკავშირის ქვეყნებიდან, ისრაელიდან, ჩინეთიდან და სამხრეთ კორეიდან შემოდის.
"აღსანიშნავია მიმდინარე სეზონის რამდენიმე საინტერესო ტენდენცია: წინა წელთან შედარებით, წელს საზაფხულო ტურისტული სეზონი უამინდობის გამო შედარებით გვიან დაიწყო, რამაც თავდაპირველად გარკვეული გავლენა მოახდინა ვიზიტორთა ნაკადის სტატისტიკაზე. ივნისის დასაწყისი ხასიათდებოდა შედარებით მშვიდი ტურისტული აქტივობით, თუმცა თვის მეორე ნახევრიდან ვიზიტორთა რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა, სწრაფად გაუტოლდა წინა წლის მაჩვენებელს და გადააჭარბა კიდეც. მიმდინარე აქტივობა გვაძლევს საფუძველს, რომ წარმატებულ საზაფხულო სეზონს ველოდებოდეთ. ზუგდიდის მიმართ საერთაშორისო ინტერესი წლიდან წლამდე იზრდება და ჩვენი მუნიციპალიტეტი უცხოელი ვიზიტორებისთვის სულ უფრო მიმზიდველი ხდება", - აღნიშნავს დავით კოდუა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი რეგიონში არსებული ტურისტული ობიექტების შესახებაც საუბრობს და განმარტავს, რომ ქალაქსა და მის მიმდებარე სოფლებში 50-ზე მეტი სპეციალიზებული ობიექტი (რესტორნები, კაფე-ბარები, ეთნო-სივრცეები) ფუნქციონირებს.
მისივე ცნობით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით ფუნქციონირებს დაახლოებით 18 სასტუმრო, რომელთა შორის არის - მაღალი კლასის, პრემიუმ ტიპის განთავსების ობიექტებიც, ხოლო საოჯახო სასტუმროებისა და ჰოსტელების რაოდენობა 200-მდე აღწევს.
"მუნიციპალიტეტის მასშტაბით ჩამოყალიბდა 25-ზე მეტი გამოკვეთილი აგრო-ობიექტი. ეს მოიცავს ოჯახურ მარნებს, მოცვისა და თხილის პლანტაციებს, ეთნოგრაფიულ სახლებსა და მეფუტკრეობის მეურნეობებს, სადაც მოწყობილია ტურისტული მიმღები სივრცეები. მზარდი ტურისტული ნაკადების პარალელურად, ზუგდიდში სასტუმრო ინფრასტრუქტურა და განთავსების ადგილები სულ უფრო ფართოვდება და მრავალფეროვანი ხდება. ზუგდიდის მუნიციპალიტეტსა და მის შემოგარენში ტურისტული ობიექტების რაოდენობა წინა წლებთან შედარებით დაახლოებით 15-20%-ითაა გაზრდილი", - აღნიშნავს ზუგდიდის მერი.
მუნიციპალიტეტის პირველი პირი "ბიზნესპარტნიორთან" რეგიონში არსებული გამოწვევების შესახებაც საუბრობს და აცხადებს, რომ ადმინისტრაციულ ერთეულებში (სოფლებში) წყლის სისტემის მოწყობა ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა.
"მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები კომპლექსურად ხორციელდება, როგორც უშუალოდ ქალაქის მასშტაბით, ისე სოფლის გზებზე. ამასთან, ზუგდიდს უკვე აქვს 24-საათიანი წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემა. რითაც წლების განმავლობაში არსებული პრობლემა მოგვარდა. რაც შეეხება სოფლებს, ადმინისტრაციულ ერთეულებში (სოფლებში) წყლის სისტემის მოწყობა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. ამ საკითხის ეტაპობრივ მოგვარებაზე აქტიურად ვმუშაობთ. ამჟამად, წყალმომარაგების სისტემის მოწყობის სამუშაოები დაგეგმილია ცაცხვის, ცაიშის, ურთისა და ინგირის ადმინისტრაციულ ერთეულებში", - აცხადებს ზუგდიდის მერი.