კლუბ "იბერია 1999-ის" პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოში ფინანსურად დაუგეგმავი პროექტების გამო, ბევრი საფეხბურთო გუნდი გაკოტრდა.
„მინიმუმ ის დოვლათი უნდა შექმნა, რომელიც თავის თავს შეინახავს. თუმცა ხშირ შემთხვევაში, სამწუხაროდ ამ სექტორში არ არის ჯანსაღი კონკურენცია“,-აღნიშნა ტარიელ ხეჩიკაშვილმა "ბიზნესპარტნიორის" ღამის ეთერში.
მისივე თქმით, საქართველოში ბევრი სტადიონი მოეწყო, მაგრამ მოთხოვნა იმდენად დიდია, რომ ინფრასტუქტურა საკმარისი არ არის.
„დიღომში ხუთ მინდვრიანი სტადიონი გაკეთდება. მიწის სამუშაოები უკვე დავიწყეთ, უახლოეს პერიოდში ახალი ბაზა გვექნება. საქართველოში ყველაზე კარგად მოწყობილი, სტანდარტების დაცვით. ჩვენი ინვესტიციების დიდი ნაწილი მწვრთნელების კვალიფიკაციის ამაღლებას დაეთმობა. ჩვენთან ყველა მწვრთნელი არის ლიცენზირებული. ყველა უკუგება, რომელსაც კლუბიდან ვიღებთ უახლოეს პერიოდში რეინვესტირებული იქნება. ჩემთვის მთავარია, რომ რეგიონში ერთ-ერთი წარმატებული აკადემია შევქმნა“,-აღნიშნა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.
მისივე განმარტებით, აუცილებელია, რომ ქართველ ახალგაზრდა ფეხბურთელებს მეტი შესაძლებლობები მიეცეთ.
„ძალიან ცუდი რეგულაციაა, როცა 20 ფეხბურთელში 15 უცხოელის ყოლა შეიძლება. ეს არ არის სწორი. თუ გვინდა ფეხბურთის კომერციალიზაცია მოხდეს, მეტი საშუალება უნდა მივცეთ ქართველ ახალგაზრდა ფეხბურთელებს, რომ მათზე მოთხოვნა გაიზარდოს და წარმატებულად იასპარეზონ. ისინი მომავალში ისევ ქართული ეკონომიკის და სპორტის განვითარებისთვის რეინვესტირებას მოახდენენ. როცა კარგ "ოფერს" ვიღებთ, ბუნებრივია, ჩვენს ფეხბურთელს ვაძლევთ იმის საშუალებას, რომ უცხოეთში ითამაშოს. ჩვენ არცერთი ფეხბურთელი არ შეგვიზღუდავს. თუმცა აქ არის ოქროს შუალედი, ისეთი ფეხბურთელებიც უნდა დავიტოვოთ, რომლებიც გაგვაძლიერებენ“,-აღნიშნა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.