სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2025 წელს საქართველოში ფუნქციონირებდა სასტუმროს მომსახურებით დაკავებული 2 731 ეკონომიკური სუბიექტი, რომლებიც ფლობდნენ 2 783 სასტუმროსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებას (ადგილობრივი ერთეულებისა და ფილიალების ჩათვლით). აღნიშნული მაჩვენებელი 4.5%-ით მეტია 2024 წელთან შედარებით.
მათივე ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი სასტუმრო და სასტუმროს ტიპის დაწესებულება ფუნქციონირებდა აჭარის ა/რ-სა (21.3%) და ქ. თბილისში (20.9%).
მონაცემების მიხედვით, 2025 წელს საქართველოს სასტუმროები და სასტუმროს ტიპის დაწესებულებები 6.2 მლნ სტუმარს მოემსახურა, რაც 6.5%-ით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე.
"სასტუმროს მომსახურებით დაკავებული ეკონომიკური სუბიექტებისათვის ყველაზე გავრცელებულ ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმას წარმოადგენდა "ინდივიდუალური მეწარმე", რომელიც შეადგენდა 2025 წელს მოქმედი სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების საერთო რაოდენობის 65.5%-ს.
სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების 99.8% კერძო საკუთრებაში იყო, ხოლო 0.2% სახელმწიფო საკუთრებაში. 2025 წელს საქართველოში მოქმედი სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების საერთო ფართობი 3 964.6 ათას კვადრატულ მეტრს 2024 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 9.8%-ით მეტს შეადგენდა. უშუალოდ ნომრების საცხოვრებელი ფართი 1 761.0 ათასი კვადრატული მეტრი იყო რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 8.9%-ით მეტია.
2025 წელს მოქმედ სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში ადგილების საერთო რაოდენობამ 120.2 ათასი შეადგინა, რაც 6.0%-ით მეტია 2024 წლის შესაბამის მაჩვენებელზე. ნომრების საერთო რაოდენობა 2025 წელს წინა წელთან შედარებით 6.1%-ით გაიზარდა და 54.3 ათასი შეადგინა", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.
"საქსტატის" ცნობით, 2025 წელს საზღვარგარეთის ქვეყნებიდან საქართველოს სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებს უმეტესად სტუმრობდნენ დასვენებისა და რეკრეაციის მიზნით (92.0%).
"2025 წელს საქართველოს სასტუმროები და სასტუმროს ტიპის დაწესებულებები 6.2 მლნ სტუმარს მოემსახურა, რაც 6.5%-ით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე. სტუმართა 62.7%-ს უცხოელები შეადგენდნენ და მათი უმეტესობა, 555.4 ათასი (სტუმრების ჯამური რაოდენობის 14.3%), ისრაელის მოქალაქე იყო, რაც 2024 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 1.0%-ით მეტია. ევროკავშირის მოქალაქეები უცხოელი სტუმრების მთლიანი რაოდენობის 10.4%-ს შეადგენდნენ. 2025 წელს საზღვარგარეთის ქვეყნებიდან საქართველოს სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებს უმეტესად სტუმრობდნენ დასვენებისა და რეკრეაციის მიზნით (92.0%).
სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში დასვენებისა და რეკრეაციის მიზნით განთავსებული უცხოელი სტუმრების უმეტესობას ისრაელისა და რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები წარმოადგენდნენ (შესაბამისად, 14.7 და 12.9%). 2025 წელს საქართველოს სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში დასაქმებული იყო 29 101 ადამიანი, რომელთა უმეტესობას (54.5%-ს) ქალები წარმოადგენდნენ", - ნათქვამია ინფორმაციაში.