სასტუმრო Park Hotel Surami Chalet-ის დამფუძნებლისა და დირექტორის ჯულია ანტილოგოვას განცხადებით, მიმდინარე წელს უცხოელი ტურისტების ნაკადი შემცირებულია, თუმცა სასტუმრო თითქმის 100%-იანი დატვირთულობით მუშაობს.
როგორც მან "ბიზნესპარტნიორთან" განმარტა, წელს მოთხოვნა ძირითადად ადგილობრივი დამსვენებლების მხრიდან არის.
"წინა წელს ობიექტი იჯარით მქონდა გადაცემული სხვა მენეჯმენტზე, თუმცა შემიძლია წლევანდელი მონაცემები 2024 წლის მონაცემებს შევადარო და გითხრათ, რომ ზამთრის სეზონი ძალიან კარგი იყო, ხოლო გაზაფხულზე, რომელიც ტრადიციულად უცხოელი ტურისტების მაღალი აქტივობით გამოირჩეოდა ხოლმე, მიმდინარე წელს უცხოელი სტუმრების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირებული იყო და მათ ნაცვლად უფრო მეტი ქართველი დამსვენებელი გვყავდა.
რაც შეეხება ზაფხულს - ივნისში დატვირთულობა დაბალი იყო, რადგან ამინდები ხელს არ გვიწყობდა. თუმცა ივლისი, აგვისტო და სექტემბერი უკვე საკმაოდ დატვირთულია და ამ ეტაპზე თითქმის 100%-იანი დატვირთულობით ვმუშაობთ. ამ პერიოდის ძირითადი ნაკადი ქართველ დამსვენებლებზე მოდის. ამასთან, აგვისტოს ბოლოდან წინასწარ ჯავშნებში უცხოელების მხრიდან აქტივობა შეინიშნება.
ადრე ჩვენი სტუმრების დაახლოებით, 70% საქართველოს მოქალაქეები იყვნენ, ხოლო 30% - უცხოელები. წელს უცხოელების წილი დაახლოებით 5%-ს შეადგენს. წარსულში უცხოელი დამსვენებლების ძირითადი ნაკადი ისრაელიდან და არაბული ქვეყნებიდან გვყავდა, თუმცა ომის გავლენის გამო ეს ნაკადი მნიშვნელოვნად შემცირდა. ამჟამად კი უცხოელი სტუმრების ძირითადი ნაწილი ყაზახეთიდანაა", - აცხადებს ჯულია ანტილოგოვა.
ცნობისთვის, სასტუმრო Park Hotel Surami Chalet - მოიცავს 9 კოტეჯს, რესტორანს, 2 თერმულ აუზს, საუნას და ჯამში 40 სტუმრის განთავსების შესაძლებლობა აქვს.