logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

ქართული საიუველირო ნაკეთობები პარიზში, მაღალი მოდის კვირეულზე გამოიფინება

ქართული საიუველირო ნაკეთობები პარიზში, მაღალი მოდის კვირეულის ფარგლებში გამოიფინება, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ კომპანია „ზარაფხანას“ აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე სამხარაძემ განუცხადა.

მისი თქმით, ღონისძიება 7-დან 9 ივლისის ჩათვლით გაიმართება და მასზე საკუთარ ნაწარმს კომპანია „ზარაფხანას“ წარადგენს.

„ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ გლობალური მასშტაბის, ძალიან ცნობილი ბრენდები, რომელთა საიუველირო ნაკეთობებსაც მთელ მსოფლიოში მილიონობით მყიდველი და გულშემატკივარი ჰყავს. უმეტესად იქნებიან ფრანგი იუველირები, ასევე დასავლეთ ევროპის სხვა წარმატებული ქვეყნების იუველირები“, - განმარტა თორნიკე სამხარაძემ.

მისივე განმარტებით, ეს ღონისძიება ერთგვარი შესაძლებლობა იქნება ქართული საიუველირო ნაწარმისთვის, რომ საერთაშორისო მყიდველები დააინტერესოს.

„მართალია, ღონისძიების ფარგლებში, მხოლოდ გამოფენა ჩატარდება და გაყიდვები არ იქნება, თუმცა ჩვენს ნაკეთობებს ფართო აუდიტორიას გავაცნობთ, რაც სამომავლოდ, ექსპორტის შესაძლებლობებს გააჩენს“, - აღნიშნა „ზარაფხანას“ აღმასრულებელმა დირექტორმა.

მისივე ინფორმაციით, პარიზის მაღალი მოდის კვირეულის ფარგლებში, გამოფენაზე „ზარაფხანას“ აბსოლუტურად ყველა ცნობილი კოლექცია წარდგება, მათ შორის - დიზაინერ ირაკლი ნასიძის მიერ შექმნილი კოლექციები, ასევე - თამარ მეფის ჯვარი, მცხეთის კოლექცია, კოლხური კოლექცია და სხვა…

ცნობისთვის, „ზარაფხანა“ ამჟამად, საქართველოს მასშტაბით, 6 ფილიალს ფლობს, აქედან 5  მაღაზია თბილისში, 1 კი - ბათუმში მდებარეობს.

გამოგვყევით