logo
Loading data...
მთავარი ინფრასტრუქტურა

სტატია

"რეგიონის საინვესტიციო მიმზიდველობის გასაზრდელად ახალი, სტრატეგიული ცენტრების შექმნა უმნიშვნელოვანესია" - ზუგდიდის მერი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის, დავით კოდუას შეფასებით, რეგიონის საინვესტიციო მიმზიდველობის გასაზრდელად ახალი, სტრატეგიული ცენტრების შექმნა უმნიშვნელოვანესია, რაც თავის მხრივ, კერძო სექტორის დაინტერესებასაც გაზრდის.

როგორც "ბიზნესპარტნიორთან" დავით კოდუა განმარტავს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია საქართველოს კულტურის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით ჭაქვინჯის ციხის - უდიდესი ისტორიული მნიშვნელობის ძეგლის აღდგენას იწყებს. მისივე თქმით, მუნიციპალიტეტის მიზანია აღნიშნული პროექტის განხორციელებით რეგიონში ახალი კულტურულ-ტურისტული ცენტრი გაჩნდეს და კერძო სექტორის ინტერესი გაიზარდოს.

"ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ახალი, სტრატეგიული მიზიდულობის ცენტრების გაჩენა. ტურისტული ცენტრების, როგორიცაა ჭაქვინჯის ციხე და სოფელი ძველი აბასთუმანი. საქართველოს კულტურის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით, ჭაქვინჯის ციხის ისტორიული მნიშვნელობის ძეგლის აღდგენას ვიწყებთ. სამინისტროს ჩართულობით განხორციელებულ ამ მასშტაბურ რეაბილიტაციას, გარდა კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებისა, ახალი ტურისტული მარშრუტების გაჩენის თვალსაზრისითაც უმნიშვნელოვანესი დანიშნულება ექნება. ჭაქვინჯის ციხე კიდევ ერთი მკაფიო მიზეზი გახდება, რათა ტურისტი ჩვენს მუნიციპალიტეტში უფრო დიდხანს დარჩეს.

რაც შეეხება ძველ აბასთუმანს, მისი ტურისტული პოტენციალის გამოყენებას ვგეგმავთ.  ადგილზე ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას უკვე აქტიურად ვიწყებთ, რაც აუცილებელი წინაპირობაა ტურისტული მიმართულების განსავითარებლად. პარალელურად, აქტიურად ვიმუშავებთ კერძო სექტორის დაინტერესებაზე. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი ქმნის ერთიან ეკოსისტემას, სადაც სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას უჩნდება დამატებითი შემოსავლის წყარო, ხოლო მუნიციპალიტეტი სტუმრებს კიდევ უფრო მრავალფეროვან და საინტერესო სერვისებს სთავაზობს, - აცხადებს ზუგდიდის მერი.

დავით კოდუა რეგიონის ტურისტული სტრატეგიის განვითარებაზე დეტალურად საუბრისას "ბიზნესპარტნიორთან" განმარტავს, რომ ამჟამად, რეგიონის ტურისტული სტრატეგიის უმნიშვნელოვანეს ნაწილს ანაკლია-განმუხურის საკურორტო ზონა წარმოადგენს, სადაც ორი მასშტაბური პროექტი ხორციელდება.

მერის ინფორმაციით, აქტიურ ფაზაშია განმუხურის საზღვაო სანაპირო ზოლის ეროზირებული ნაწილის აღდგენისა და დაცვის სამუშაოები, რომლის საინვესტიციო ღირებულება ₾3.2 მლნ-ზე მეტია.

"მუნიციპალური განვითარების ფონდმა უკვე დაიწყო ანაკლია-განმუხურის სანაპირო ზოლის ხელახალი განვითარების მასშტაბური პროექტირება, რაც 67 ჰექტარზე თანამედროვე, ოთხივე სეზონზე ხელმისაწვდომი მრავალფუნქციური რეკრეაციული სივრცის შექმნას გულისხმობს. აღნიშნული ახალი ზონა მოიცავს დასასვენებელ, სპორტულ, საბავშვო, საგანმანათლებლო და კულტურულ სივრცეებს, საფეხმავლო და ველობილიკებს, ღია სცენას, გამწვანებას, თანამედროვე საინჟინრო სისტემებსა და ანაკლია-განმუხურის დამაკავშირებელი ხიდის სრულ განახლებას. ჩვენ არ ვგეგმავთ მხოლოდ კოსმეტიკურ ცვლილებებს, არამედ ვქმნით მყარ საფუძველს საერთაშორისო სტანდარტების საზღვაო კურორტის განვითარებისთვის", - აცხადებს მერი.

გამოგვყევით