logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

Visa კიბერუსაფრთხოების გასაძლიერებლად Visa Threat Intelligence პლატფორმას წარადგენს

Visa კიბერუსაფრთხოების გასაძლიერებლად Visa Threat Intelligence პლატფორმას წარადგენს

1782990341

Visa-მ (NYSE: V) დღეს Visa Threat Intelligence Platform-ის (VTIP), ამოქმედების შესახებ განაცხადა. ახალი პლატფორმა ფინანსურ ინსტიტუტებს კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებული იმ რისკების გამოვლენასა და მათზე რეაგირებაში ეხმარება, რომლებმაც თაღლითობის შემთხვევები და ფინანსური დანაკარგები შეიძლება გამოიწვიოს. პლატფორმა კიბერუსაფრთხოების იმავე შესაძლებლობებს ეყრდნობა, რომელთაც Visa საკუთარი გლობალური ქსელის დასაცავად იყენებს.

თაღლითობა, როგორც ფართოდაა ცნობილი, წინამორბედი კიბერინციდენტების შედეგია ხოლმე. ის ხშირად ჯერ კიდევ ტრანზაქციის განხორციელებამდე იწყება და მონაცემების კომპრომეტირებით, პირადი ინფორმაციის მოპარვით ან სისტემის ექსპლუატაციით ვლინდება. გადახდებთან დაკავშირებული მონაცემების გამოაშკარავებაზე მიმართული კიბერთავდასხმები გადახდების ეკოსისტემის ნებისმიერი აქტორიდან შეიძლება დაიწყოს – იქნებიან ეს მერჩანტები, ემიტენტები, შემსყიდველები, კომპანიები, რომლებიც გადახდებს ამუშავებენ თუ მომსახურების მიმწოდებლები. ზოგიერთ შემთხვევაში კომპრომეტირებული მონაცემები ვრცელდება, რამაც ფინანსური ზარალი და ოპერაციული შეფერხებები შეიძლება გამოიწვიოს.

„კიბერთავდასხმები სულ უფრო ხშირი, მეტად მიზანმიმართული ხდება და ორგანიზაციებს უფრო უჭირთ მათი ადრეულ ეტაპზე აღმოჩენა. ამას კი ძალიან ხშირად მოჰყვება თაღლითობა“, – განაცხადა უოლტერ ლირონიმ, Visa-ს Value-Added Services-ის ხელმძღვანელმა და უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის (CEMEA) რეგიონში. „Visa Threat Intelligence პლატფორმა ფინანსურ ინსტიტუტებს ამ საფრთხეთა ადრეულ ეტაპზე აღმოჩენაში ეხმარება. ამ მიზნით, პლატფორმა თავს უყრის კიბერუსაფრთხოებასა და გადახდებთან დაკავშირებულ ანალიტიკურ ინფორმაციას და ფინანსურ ინსტიტუტებს აწვდის მონაცემებს პრაქტიკული გამოყენებისთვის რისკების შესამცირებლად, სანამ ისინი თაღლითობად გარდაიქმნებიან“.

Visa-ს გლობალური კიბერთავდაცვის შესაძლებლობებზე დაფუძნებული პლატფორმა

Visa ხელმძღვანელობს უსაფრთხოების ნულოვანი დარღვევისა და ნულოვანი შეფერხების სტრატეგიით, რომლის ფარგლებშიც ის დღეისთვის ყოველთვიურად 200-ზე მეტ ქვეყანაში დაახლოებით 90 მილიონ კიბერშეტევასა და 11 მილიონ ფიშინგ-იმეილს ბლოკავს. Visa-ს თავდაცვითი ოპერაციების გუნდის მიერ შემუშავებული და Visa-ს გლობალური გადახდების ქსელის შიგნით გამოცდილი VTIP მომხმარებლებს იმავე ანალიტიკურ შესაძლებლობებს სთავაზობს, რომელიც მსოფლიოში უდიდესი გადახდების პლატფორმის დასაცავად გამოიყენება. Visa-მ, როგორც VTIP-ის პირველმა მომხმარებელმა, პლატფორმა რეალური კიბერშეტევების წინააღმდეგ მანამ შეამოწმა, სანამ მას ფართო ეკოსისტემაში გააზიარებდა, რაც, საბოლოოდ, მზარდი საფრთხეების წინასწარ გამოვლენას შეუწყობს ხელს.

ფინანსური ინსტიტუტებისთვის შექმნილი პლატფორმა

VTIP სპეციალურად ფინანსური ინსტიტუტებისთვისაა შემუშავებული, რათა მათი უსაფრთხოების, თაღლითობის აღკვეთისა და რისკების მართვის გუნდებს დაეხმაროს, გაერკვნენ ფრაგმენტირებულ მონაცემებში და კონცენტრირდნენ გადახდებთან დაკავშირებული რისკებისთვის რელევანტურ ანალიტიკურ ინფორმაციაზე. პლატფორმა კიბერუსაფრთხოებასა და ფინანსებთან დაკავშირებულ ანალიტიკურ ინფორმაციას აერთიანებს, რაც ორგანიზაციებს კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ინციდენტებსა და პოტენციურ თაღლითობას შორის კავშირის დადგენაში დაეხმარება. VTIP-ის შესაძლებლობათა შორისაა:

  • საფრთხეებთან დაკავშირებული ანალიტიკური ინფორმაცია: ორგანიზაციებს აწვდის მავნე პროგრამებზე დაფუძნებული კომპრომეტირების ინდიკატორებს, რომლებიც ფინანსური სექტორის საჭიროებებზეა მორგებული.
  • მოწყვლადობასთან დაკავშირებული ანალიტიკური ინფორმაცია:

ავლენს თითოეული ორგანიზაციის სუსტ და დაუცველ მხარეებს.

  • ბრენდთან დაკავშირებული ანალიტიკური ინფორმაცია:

ორგანიზაციებს ეხმარება იმიტირებისა და ბრენდის სახელის ბოროტად გამოყენების შემთხვევების აღმოჩენასა და შემცირებაში.

  • ციფრულ იდენტობასთან დაკავშირებული ანალიტიკური ინფორმაცია: აკვირდება ორგანიზაციათა ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებზე მიზანმიმართულ შეტევებს და იცავს მათ.
  • ფინანსებთან დაკავშირებული ანალიტიკური ინფორმაცია:

ავლენს „ბნელ ქსელში“ გავრცელებულ გადახდებთან დაკავშირებულ კომპრომეტირებულ მონაცემებს და ურთავს მას VisaNet-ის ანალიტიკურ ინფორმაციას, რის შედეგადაც ნედლი მონაცემები გარდაიქმნება პრაქტიკული დანიშნულების მქონე ინფორმაციად, რომელიც თაღლითობის აღმოფხვრისა და რისკების მართვის გუნდებს შეუძლიათ გამოიყენონ.

კიბერუსაფრთხოებასა და თაღლითობასთან დაკავშირებული ანალიტიკური მონაცემების გაერთიანებით VTIP ფინანსურ ინსტიტუტებს ეხმარება, წინასწარ უკეთ განსაზღვრონ შესაძლო საფრთხეები, კონცენტრირდნენ რეაგირებაზე და შეამცირონ კიბერინციდენტების თაღლითობად გარდაქმნის შანსები.

ნდობის გაძლიერება გადახდების მთელ ეკოსისტემაში

Visa უკვე დიდი ხანია, რაც ფინანსური გადახდების უსაფრთხოების უზრუნველყოფაში წამყვან როლს ასრულებს. მან გასული ხუთი წლის განმავლობაში თაღლითობის შემცირებისა და ქსელური უსაფრთხოების გაძლიერების მიმართულებებით არსებული ტექნოლოგიის განვითარებაში $13 მილიარდზე მეტი მოცულობის ინვესტიცია ჩადო. Gartner Consulting-მა Visa-ს კიბერუსაფრთხოების პროგრამის საერთო მომწიფებულობის დონის მიხედვით მსგავსი პროფილის მქონე კომპანიათა შორის უმაღლესი ქულა (4.9) მიანიჭა.

კიბერრისკების ზრდასთან ერთად, ფინანსურ სექტორში მოქმედი ინსტიტუტები სულ მეტად საჭიროებენ უშუალოდ გადახდების სფეროში არსებული საფრთხეების გამომვლენ ანალიტიკურ ინფორმაციას. Visa-მ VTIP-ის კიბერუსაფრთხოების შესაძლებლობები უპირველესად საკუთარ გლობალურ ქსელში გამოცადა და კლიენტებს ამის შემდეგ შესთავაზა. ამ გზით ის აგრძელებს ფინანსური ინსტიტუტების ისეთ სფეროებში დახმარებას, როგორებიცაა კიბერსაფრთხეების ადრეულ ეტაპზე გამოვლენა, კიბერინციდენტების შედეგად წარმოქმნილი თაღლითობის შემთხვევათა შემცირება და ნდობის გაძლიერება მთელ ეკოსისტემაში.

გამოგვყევით