logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"ავეჯის წარმოების სფეროში კონკურენცია მაღალია, ხშირად ბიზნესის წარმომადგენლები ავეჯს ჩინეთში ამზადებენ" - MW group

ავეჯის მწარმოებელი კომპანიის MW group-ის დამფუძნებლისა და დირექტორის გურამ კვინტრაძის შეფასებით, კომპანია ზაფხულის სეზონს ოპტიმისტური მოლოდინებით ხვდება. როგორც გურამ კვინტრაძე "ბიზნესპარტნიორთან" განმარტავს, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მომხმარებელთა რაოდენობა დაახლოებით 10%-ით გაიზარდა, რაც კომპლექსური ფაქტორებითაა განპირობებული.

მისივე ცნობით, ავეჯის წარმოების სფეროში კონკურენცია მაღალია. მაგალითად, ხშირია შემთხვევები, როდესაც ბიზნესის წარმომადგენლები ავეჯს ჩინეთში ამზადებენ, რადგან აღნიშნული ხაზი უფრო ბიუჯეტური არჩევანია.

"ჩვენი საწარმო სრულადაა აღჭურვილი თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით. ნედლეულს ადგილობრივ ბაზარზე ვიძენთ - ძირითადად, მაღალი ხარისხის მასალებს ვიყენებთ. შეკვეთების რაოდენობა მაისიდან მნიშვნელოვნად იზრდება და აქტიური სეზონი წლის ბოლომდე გრძელდება. რაც შეეხება ასორტიმენტს, მომხმარებელს თითქმის ნებისმიერი ტიპის ავეჯს ვთავაზობთ. აქტიურად ვმუშაობთ კერძო შეკვეთებზე და ვამზადებთ არასტანდარტულ ავეჯს, ამიტომ ჩვენი მომხმარებლები ძირითადად სპეციფიკურ სეგმენტს წარმოადგენენ. მაგალითად, "ზუმერის" და "მაგთის" ოფისებისთვის დამზადებული ავეჯი ჩვენი წარმოებისაა. აღნიშნული არასტანდარტული პროექტებია და მსგავსი ავეჯის შეძენა ადგილობრივ ბაზარზე შეუძლებელია. ამჟამად, რამდენი მსგავსი პროექტი გვაქვს დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ.

უცხოელი დამკვეთებიც გვყავს - აღნიშნულ სეგმენტს ავეჯი, ან საქართველოში ბინის შეძენისას, ან ბიზნესისთვის სჭირდება. ახლა რამდენიმე უცხოელი დამკვეთი გვყავს, მათ შორის გერმანიიდან. ავეჯის წარმოების სფეროში კონკურენცია მაღალია. ხშირია შემთხვევები, როდესაც მომხმარებლები ავეჯს ჩინეთში ამზადებინებენ, რადგან ეს უფრო ბიუჯეტური არჩევანია. ამ ეტაპზე კომპანიის გაყიდვების ძირითად არხს სოციალური ქსელები წარმოადგენს. ადრე შოურუმიც გვქონდა, თუმცა დღეს სოციალური მედია იმდენად ეფექტიანად მუშაობს, რომ მისი მეშვეობითაც წარმატებით ვახერხებთ მომხმარებელთან კომუნიკაციას. თუ წლების წინ სოციალური ქსელები ამ როლს ვერ ასრულებდა, დღეს ვითარება მნიშვნელოვნად შეცვლილია", - აცხადებს გურამ კვინტრაძე.

ცნობისთვის, ავეჯის მწარმოებელი კომპანიის MW group ათეული წელია ადგილობრივ ბაზარზე ოპერირებს. კომპანიის საწარმო თბილისში მდებარეობს, ხოლო ობიექტზე 30-მდე ადამიანია დასაქმებული.

ეკონომიკა

გამოგვყევით