logo
Loading data...
მთავარი ენერგეტიკა

სტატია

"პროექტის ფარგლებში მოსწავლეების 40% ამბობს, რომ ენერგეტიკის ფაკულტეტზე ჩააბარებენ" - თორნიკე აფრიაშვილი

სემეკის ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორის, თორნიკე აფრიაშვილის ინფორმაციით, ენერგეტიკულ პროექტებში, სადაც სკოლის მოსწავლეები მონაწილეობენ საკმაოდ მაღალი აქტივობა ფიქსირდება.

როგორც თორნიკე აფრიაშვილი "ბიზნესპარტნიორთან" განმარტავს, ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, პროექტის ფარგლებში მოსწავლეების დაახლოებით 40%-ს ენერგეტიკის ფაკულტეტზე ჩაბარება მყარად აქვს გადაწყვეტილი.

"მოსწავლეების მხრიდან პროექტის მიმართ საკმაოდ მაღალი აქტივობა დაფიქსირდა. ამჟამად, სენაკის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებმა კონკურსში მიიღეს მონაწილეობა. საკონკურსო პირობების მიხედვით, მათ უნდა მოემზადებინათ ელექტროენერგეტიკის თემატიკაზე შექმნილი ნახატი, ან მაკეტი. შევარჩიეთ 16 საუკეთესო მონაწილე, რომლებიც ერთი კვირით ბანაკში წავიყვანეთ. ამ პერიოდში მათ ტრენინგები ჩაუტარდათ. ენერგეტიკის სფეროს პოპულარიზაციას აქტიურად ვეწევით და მოსწავლეებთან მუდმივ კომუნიკაციას ვინარჩუნებთ. მათი მხრიდან ინტერესი და მომართვიანობა ყოველთვის მაღალია.

პროექტის ფარგლებში, ამ დროისთვის დაახლოებით ხუთმა მონაწილემ გადაწყვიტა ენერგეტიკის მიმართულებით სწავლა გაეგრძელებინა და შესაბამის ფაკულტეტზე ჩააბარა. გარდა ამისა, ბოლო სამი წლის განმავლობაში პროექტში ჩართული ისეთი ასაკობრივი სეგმენტი გვყავდა, რომელიც უნივერსიტეტებში ჩაბარებას მომავალი წლიდან იწყებს", - აღნიშნავს თორნიკე აფრიაშვილი.

ცნობისთვის, სემეკის მიერ დაფუძნებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით, სკოლის მოსწავლეებისათვის სხვადასხვა პროექტი ხორციელდება. მათ შორის განსაკუთრებით პოპულარულია პროექტი სახელწოდებით "ელექტროენერგიის გზა დაბადებიდან ჩვენამდე". პროექტის მიზანია ელექტროენერგიის წარმოებიდან მოხმარებამდე სრული ციკლის შესახებ მოსწავლეებმა ინფორმაცია მიიღონ.

გამოგვყევით