logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"თურქეთთან ციფრული სანებართვო სისტემის ამოქმედება ადმინისტრაციულ პროცედურებს მნიშვნელოვნად გაამარტივებს" - YKG Logistic Company

საერთაშორისო სატვირთო ლოგისტიკური კომპანია YKG Logistic Company-ის დირექტორი, ესმირალ ბაირამოვა თურქეთის რესპუბლიკასთან საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების მიმართულებით ციფრული სანებართვო დოკუმენტების გაცემისა და გაცვლის პროცედურის ამოქმედებას დადებითად აფასებს. 

როგორც კომპანიის დირექტორი "ბიზნესპარტნიორთან" განმარტავს, ახალი მექანიზმის ამოქმედება პროდუქციის ფასების შემცირებას არ გამოიწვევს, თუმცა მნიშვნელოვნად გაამარტივებს ადმინისტრაციულ პროცედურებს და შეამცირებს ქაღალდზე დოკუმენტების დამუშავების საჭიროებას.

მისივე თქმით, აქამდე არსებული წესები ზედმეტად მკაცრი იყო. კერძოდ, რომელიმე დოკუმენტის დაკლების, ან ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობის არქონის შემთხვევაში, კომპანია ნებართვას საერთოდ ვერ იღებდა, რაც პროცესებს აფერხებდა.

"ჩემს კომპანიას ძირითადად ორი სახის - ორმხრივი და სპეციალური ნებართვა სჭირდება. სპეციალური ნებართვა განკუთვნილია იმ შემთხვევებისთვის, როდესაც ტრანსპორტი საქართველოში ცარიელი შემოდის, ხოლო ორმხრივი ნებართვა გამოიყენება მაშინ, როდესაც სატვირთო მანქანა დატვირთული შემოდის და ქვეყნიდან დატვირთულივე გადის. აქამდე არსებული წესით, ახალი ნებართვის მისაღებად იძულებულები ვიყავით, საზღვარზე მძღოლს დავხვედროდით, რათა მისგან წინა რეისზე გახარჯული, ბეჭედდარტყმული ორიგინალი დოკუმენტი მიგვეღო. ეს ყველაფერი სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში ფიზიკურად უნდა მიგვეტანა, სადაც უზარმაზარ რიგში უნდა ვმდგარიყავით. სააგენტოში მისულები ვწერდით განცხადებას და წარვადგენდით უკვე გამოყენებულ ნებართვებსა და საბანკო ჩარიცხვის ქვითრებს, რასაც ფიზიკური სახით გვთხოვდნენ.

აღნიშნული ცვლილება წინ გადადგმული ნაბიჯია, რადგან სრულად აგვაცილებს ცოცხალ რიგებს. ეს ყველაფერი მნიშვნელოვნად გაამარტივებს ადმინისტრაციულ პროცედურებს, შეამცირებს ქაღალდზე დოკუმენტების დამუშავების საჭიროებას, ასევე სააგენტოსაც მუშაობა გაუმარტივდება. რაც შეეხება პროდუქციის ფასებს, ნაკლებად ვფიქრობ, რომ გაიაფდეს, თუმცა გამარტივდება ადმინისტრაციული პროცედურები, რაც სატრანსპორტო კომპანიებისთვის დროის დაზოგვას უზრუნველყოფს", - აღნიშნავს სექტორის წარმომადგენელი.

YKG Logistic Company-ის დირექტორის განმარტებით, კომპანიის ძირითადი ტვირთბრუნვა თურქეთის მიმართულებაზე მოდის - საერთო მოცულობის დაახლოებით 80–85% სწორედ თურქეთიდან საქართველოში შემოსული ტვირთებია. მისივე თქმით, კომპანიას თურქეთიდან ძირითადად სამშენებლო მასალები და სხვადასხვა სახის შესაფუთი პროდუქცია შემოაქვს, თუმცა მისი საოპერაციო არეალი სხვა ქვეყნებსაც მოიცავს.

"მიწოდების ვადების თვალსაზრისით, თურქეთი განსაკუთრებით კომფორტული მიმართულებაა. მაშინ როცა ევროპიდან სატრანზიტო მიწოდების ვადები საშუალოდ 14–16 დღეს შეადგენს, თურქეთის შემთხვევაში ტვირთი, თუ პროდუქცია მზადაა და მარაგშია 4–5 დღეში იგზავნება. შესაბამისად, ლოგისტიკური თვალსაზრისით თურქეთი ერთ-ერთი ყველაზე ოპერატიული ბაზარია.  ასევე ვმუშაობთ სხვა მიმართულებებითაც - მათ შორის რუსეთსა და ევროპის ქვეყნებთან. საფრანგეთიდან და გერმანიიდან ძირითადად სხვადასხვა ტიპის ტვირთი ჩამოგვაქვს. მაგალითად, ბოლო პერიოდში ცხოველის საკვები შემოვიტანეთ. ამასთან, თურქეთის მიმართულებით თვეში 3–4 რეისი გვაქვს", - აცხადებს ესმირალ ბაირამოვა.

ცნობისთვის, დღეს 6 ივლისს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ, თურქეთის რესპუბლიკასთან საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების მიმართულებით ციფრული სანებართვო დოკუმენტების გაცემისა და გაცვლის პროცედურა წარმატებით აამოქმედა.

გამოგვყევით