logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

"ჩვენი მიზანი, ზუგდიდში მსხვილი ბრენდების შემოყვანაა" – ინტერვიუ ზუგდიდის მერთან

ზუგდიდში ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან არაერთი პროექტი განხორციელდა, რაც ძირითადად რეგიონის საინვესტიციო მიმზიდველობის გაზრდასა და ახალი, სტრატეგიული ცენტრების შექმნას უკავშირდება. ამასთანავე, მუნიციპალიტეტში აცხადებენ, რომ საზაფხულო სეზონზე ტურისტული ნაკადები საგრძნობლად გაიზარდა, რაც პირდაპირ კავშირშია შიდა და საერთაშორისო ბაზარზე ქალაქის პოპულარიზაციასთან.

არსებული დინამიკის უკეთ გასაცნობად, "ბიზნესპარტნიორი" ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერს, დავით კოდუას დაუკავშირდა. ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელმა ჩვენთან ინტერვიუში ქალაქისთვის მნიშვნელოვანი საკითხები მიმოიხილა, მათ შორის: ვიზიტორებისა და ტურისტული ობიექტების რაოდენობა, განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები და მიმდინარე გამოწვევები.

- ბატონო დავით, ჩემი პირველი კითხვა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საინვესტიციო პოტენციალს ეხება. როგორ შეაფასებდით რეგიონში არსებულ ბიზნესგარემოს, რა ნაბიჯებს დგამს ზუგდიდის მუნიციპალიტეტი საინვესტიციო მიმზიდველობის გასაზრდელად?

- დავიწყებ იმით, რომ რეგიონის საინვესტიციო მიმზიდველობის გასაზრდელად ახალი, სტრატეგიული ცენტრების შექმნა უმნიშვნელოვანესია, რაც თავის მხრივ, კერძო სექტორის დაინტერესებასაც გაზრდის.

ამჟამად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია საქართველოს კულტურის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით ჭაქვინჯის ციხის - უდიდესი ისტორიული მნიშვნელობის ძეგლის აღდგენას იწყებს. მუნიციპალიტეტის მიზანია აღნიშნული პროექტის განხორციელებით რეგიონში ახალი კულტურულ-ტურისტული ცენტრი გაჩნდეს და კერძო სექტორის ინტერესი გაიზარდოს. ასევე სოფელი ძველი აბასთუმნის ტურისტული პოტენციალის გამოყენებას ვგეგმავთ. ახლა ძველ აბასთუმანში ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ვიწყებთ, რაც აუცილებელი წინაპირობაა ტურისტული მიმართულების განსავითარებლად. პარალელურად, აქტიურად ვიმუშავებთ კერძო სექტორის დაინტერესებაზე. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი ქმნის ერთიან ეკოსისტემას, სადაც სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას უჩნდება დამატებითი შემოსავლის წყარო, ხოლო მუნიციპალიტეტი სტუმრებს კიდევ უფრო მრავალფეროვან და საინტერესო სერვისებს სთავაზობს.

ასევე მუნიციპალური განვითარების ფონდმა უკვე დაიწყო ანაკლია-განმუხურის სანაპირო ზოლის ხელახალი განვითარების მასშტაბური პროექტირება, რაც 67 ჰექტარზე თანამედროვე, ოთხივე სეზონზე ხელმისაწვდომი მრავალფუნქციური რეკრეაციული სივრცის შექმნას გულისხმობს. აღნიშნული ახალი ზონა მოიცავს დასასვენებელ, სპორტულ, საბავშვო, საგანმანათლებლო და კულტურულ სივრცეებს, საფეხმავლო და ველობილიკებს, ღია სცენას, გამწვანებას, თანამედროვე საინჟინრო სისტემებსა და ანაკლია-განმუხურის დამაკავშირებელი ხიდის სრულ განახლებას. პროექტის საინვესტიციო ღირებულება ₾3.2 მლნ-ზე მეტია. პარალელურად, აქტიურად ვიმუშავებთ კერძო სექტორის დაინტერესებაზე.

- რომელი სექტორებია მუნიციპალიტეტისთვის პრიორიტეტული და რა ტიპის ინვესტიციებზე აკეთებთ მთავარ აქცენტს: ტურიზმზე, სოფლის მეურნეობაზე, წარმოებასა თუ სხვა მიმართულებებზე?

- ჩვენი მიზანია ზუგდიდში საქართველოში უკვე არსებული, წარმატებული და მსხვილი ბრენდების შემოყვანა და ჩვენს ქალაქში მათი კაპიტალის რეინვესტირება. ზოგადად, აგროგადამამუშავებელი მიმართულება მოგვცემს შესაძლებლობას, ადგილობრივად წარმოებულ პროდუქციას შევუქმნათ მაღალი დამატებული ღირებულება, ხოლო მომსახურების სფეროში მსხვილი კომპანიების შემოსვლა გააჩენს ახალ სამუშაო ადგილებს და მკვეთრად აამაღლებს სერვისის ხარისხს.

ვქმნით მიმზიდველ და სტაბილურ ბიზნესგარემოს იმისათვის, რომ მსხვილმა ქართულმა თუ საერთაშორისო კომპანიებმა საკუთარი ბიზნესის გაფართოებისას სწორედ ზუგდიდის უდიდესი პოტენციალი განიხილონ.

- რაც შეეხება ტურიზმის სექტორს -  მუნიციპალიტეტში ტურისტების რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაიზარდა თუ შემცირდა? ამასთან, რომ გვითხრათ, მუნიციპალიტეტში დამსვენებლები ძირითადად, საიდან ჩამოდიან?

- სამეგრელოს რეგიონში ტურისტული აქტივობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მზარდი დინამიკით ხასიათდება. კერძოდ, ივნისის თვის მეორე ნახევრიდან ვიზიტორთა რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა. რეგიონში ტურისტების ძირითადი ნაკადი ევროკავშირის ქვეყნებიდან, ისრაელიდან, ჩინეთიდან და სამხრეთ კორეიდან შემოდის. მიმდინარე აქტივობა გვაძლევს საფუძველს, რომ წარმატებულ საზაფხულო სეზონს ველოდებოდეთ. ზუგდიდის მიმართ საერთაშორისო ინტერესი წლიდან წლამდე იზრდება და ჩვენი მუნიციპალიტეტი უცხოელი ვიზიტორებისთვის სულ უფრო მიმზიდველი ხდება.

- იგეგმება თუ არა მუნიციპალიტეტში ტურიზმის ახალი მიმართულებების განვითარება - მაგალითად, ახალი მარშრუტების, კულტურული ტურებისა თუ ეკოტურიზმის სახით?

- დიახ, ზუგდიდში აქტიურად იგეგმება და უკვე ეტაპობრივად ინერგება ახალი ტურისტული მიმართულებები, რაც ჩვენი სტრატეგიის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ჩვენი მთავარი მიზანია მუნიციპალიტეტში ვიზიტორთა დარჩენის ხანგრძლივობის გაზრდა და ტურისტული შეთავაზებების მაქსიმალურად გაფართოება, რათა სტუმრებს კიდევ უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო გამოცდილება შევთავაზოთ. ახალი პროდუქტები პირდაპირ მოიცავს ეკო და სათავგადასავლო ტურიზმის მიმართულებებს, კულტურულ და საგანმანათლებლო ტურებს, ასევე გასტროტურისტული შეთავაზებების აქტიურ განვითარებას. აღნიშნული პროექტები წარმატებით ხორციელდება სამეგრელოს ტურიზმის ორგანიზაციასთან (DMO) აქტიური თანამშრომლობით.

- ტურისტული ობიექტების შესახებ რას გვეტყვით, ხომ არ იგეგმება რეგიონში ახალი ბრენდული სასტუმროს შემოსვლა? ასევე, საოჯახო სასტუმროებისა და  მარნების სექტორი  წინა წელთან შედარებით, რა ტენდენციით ვითარდება?

- მუნიციპალიტეტის მასშტაბით ფუნქციონირებს დაახლოებით 18 სასტუმრო, რომელთა შორის არის - მაღალი კლასის, პრემიუმ ტიპის განთავსების ობიექტებიც, ხოლო საოჯახო სასტუმროებისა და ჰოსტელების რაოდენობა 200-მდე აღწევს. მუნიციპალიტეტის მასშტაბით ჩამოყალიბდა 25-ზე მეტი გამოკვეთილი აგრო-ობიექტი. ეს მოიცავს ოჯახურ მარნებს, მოცვისა და თხილის პლანტაციებს, ეთნოგრაფიულ სახლებსა და მეფუტკრეობის მეურნეობებს, სადაც მოწყობილია ტურისტული მიმღები სივრცეები. ზუგდიდის მუნიციპალიტეტსა და მის შემოგარენში ტურისტული ობიექტების რაოდენობა წინა წლებთან შედარებით დაახლოებით 15-20%-ითაა გაზრდილი.

- და ბოლოს, ბატონო დავით, გამოწვევების კუთხით, რომ გვესაუბროთ, რა პრობლემების წინაშე დგას დღეს რეგიონი?

- მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები კომპლექსურად ხორციელდება, როგორც უშუალოდ ქალაქის მასშტაბით, ისე სოფლის გზებზე. ამასთან, ზუგდიდს უკვე აქვს  24-საათიანი წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემა, რითაც წლების განმავლობაში არსებული პრობლემა მოგვარდა. რაც შეეხება სოფლებს, ადმინისტრაციულ ერთეულებში (სოფლებში) წყლის სისტემის მოწყობა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. ამ საკითხის ეტაპობრივ მოგვარებაზე აქტიურად ვმუშაობთ. ამჟამად, წყალმომარაგების სისტემის მოწყობის სამუშაოები დაგეგმილია ცაცხვის, ცაიშის, ურთისა  და  ინგირის ადმინისტრაციულ ერთეულებში. ქალაქსა და სოფლებს შორის თანაბარი, ბალანსირებული განვითარება ჩვენი გუნდის უმთავრესი პრიორიტეტია.  

გამოგვყევით