logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

"სურამში Aparthotel-ი შენდება - პროექტში უკვე ₾8 მლნ-ზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა" - ვალერი გელაშვილი

სურამში Aparthotel-ის პროექტის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს, რომლის ინვესტიციამ უკვე 8 მილიონ ლარს გადააჭარბა.

როგორც პროექტის ინვესტორმა, ბიზნესმენმა, შპს "ბაიანთხევის" დირექტორმა ვალერი გელაშვილმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა, თავდაპირველად ადგილზე Hilton-ის ბრენდის სასტუმროს აშენება იგეგმებოდა, თუმცა ბაზარზე არსებული ვითარების გათვალისწინებით კონცეფცია შეიცვალა.

"სურამში ვაშენებთ აპარტამენტებს. თავდაპირველად, გვსურდა სასტუმროს აშენება, რომელიც Hilton-ის ბრენდის ქვეშ იმუშავებდა. აღნიშნულზე ბრენდთანაც გვქონდა შეთანხმება მიღწეული, თუმცა ჩვენვე შევცვალეთ კონცეფცია. აღნიშნულის მიზეზი გახდა ის,რომ ვფიქრობთ, სასტუმრო ბიზნესი დღეს საქართველოში კარგ მდგომარეობაში არ არის და სწორედ ამიტომ შევცვალეთ კონცეფცია. დღეს სასტუმროები მთელ საქართველოში ცუდ მდგომარეობაში იქნება,  ახლა ჩვენი ობიექტი იქნება Aparthotel-ი (ბინის ტიპის სასტუმრო - აქვს სამზარეულო და საცხოვრებელი სივრცე, მაგრამ ამავე დროს გთავაზობთ სასტუმროს მომსახურებასაც, როგორიცაა მაგალითად, დასუფთავება და მიმღები), სადაც თითოეულ აპარტამენტს მესაკუთრე ეყოლება და მოხდება გაქირავებაც. 

ამჟამად, ერთი კორპუსი აშენებული გვაქვს და ვგეგმავთ, მეორე კორპუსის დამატებას. პირველი კორპუსი 6 სართულს და 72 აპარტამენტს მოიცავს, ხოლო მეორე კორპუსის დაგეგმარება ახლა მიმდინარეობს, თუმცა ჯამში 500 კვ.მ იქნება. ობიექტის რეგისტრაციის შემდეგ დავიწყებთ გაყიდვებს", - აცხადებს ვალერი გელაშვილი.

მანვე აღნიშნა, რომ პროექტის საბოლოო ინვესტიცია დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი და Aparthotel-ის მშენებლობის დასრულება მიმდინარე წლის ბოლოს იგეგმება - პროექტის სახელიც მოგვიანებით გახდება ცნობილი. 

გამოგვყევით