logo
Loading data...
მთავარი მსოფლიო

სტატია

კომპანია OpenAI აშშ-ის მთავრობისთვის კომპანიის 5%-იანი წილის გადაცემის შესაძლებლობას განიხილავს

კომპანია OpenAI აშშ-ის მთავრობისთვის კომპანიის 5%-იანი წილის გადაცემის შესაძლებლობას განიხილავს

1783069749

ChatGPT-ის შემქმნელი კომპანია OpenAI აშშ-ის მთავრობისთვის კომპანიის 5%-იანი წილის გადაცემის შესაძლებლობას განიხილავს. ამის შესახებ თავდაპირველად Financial Times-მა დაწერა, ხოლო ინფორმაცია Reuters-მაც გაავრცელა.

გამოცემის ცნობით, ინიციატივა იმ ფონზე გაჩნდა, როდესაც ვაშინგტონში იზრდება შეშფოთება ხელოვნური ინტელექტის სწრაფი განვითარების, მისი შესაძლო ბოროტად გამოყენებისა და იმ საკითხის გამო, თუ ვინ მიიღებს სარგებელს ინდუსტრიის მილიარდობით დოლარის ღირებულებიდან.

გავრცელებული ინფორმაციით, OpenAI-ის წინადადება მხოლოდ თავად კომპანიას არ ეხება. კომპანიას სურს, რომ სხვა მსხვილმა ამერიკულმა AI კომპანიებმაც მთავრობას ანალოგიური, 5%-იანი წილი გადასცენ. თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, დაეთანხმებიან თუ არა ამას სხვა ტექნოლოგიური კომპანიები.

Reuters-ის მიხედვით, იდეის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის საზოგადოებაში მზარდი შიში, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა შესაძლოა ეკონომიკური რყევები და სამუშაო ადგილების დაკარგვა გამოიწვიოს. Reuters-ის გამოკითხვის თანახმად, ამერიკელების დაახლოებით ნახევარი შიშობს, რომ AI მათ ან მათი ოჯახის წევრებს სამსახურს დააკარგვინებს.

გადაწყვეტილების მეორე მიზეზი რეგულატორული გარემოა. აშშ-ის ხელისუფლება სულ უფრო აქტიურად ერევა ხელოვნური ინტელექტის სფეროში. გასულ კვირას, ადმინისტრაციის მოთხოვნის შემდეგ, OpenAI-მა GPT-5.6-ის ფართო გამოშვება გადადო. რამდენიმე დღით ადრე კი კონკურენტ კომპანიას, Anthropic-ს, მთავრობის მოთხოვნით დროებით შეუჩერდა ყველაზე მოწინავე მოდელებზე წვდომა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის. გამოცემა წერს, რომ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, Sam Altman-მა, აღნიშნული იდეა უკვე განიხილა აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან, ასევე ვაჭრობის მდივანთან და ფინანსთა მინისტრთან. აღნიშნავს, რომ ინიციატივა ჯერჯერობით მხოლოდ ადრეული განხილვის ეტაპზეა და არ წარმოადგენს მიღებულ გადაწყვეტილებას. სააგენტომ ასევე მიუთითა, რომ თავად OpenAI-სა და თეთრ სახლს კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებიათ.

თამარ გაზდელიანი 

გამოგვყევით