მარანი "მილორაულის" დამფუძნებელი თამარ მილორავა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ლევან მეხუზლას განცხადებას დადებითად აფასებს. როგორც თამარ მილორავა "ბიზნესპარტნიორთან" განმარტავს, 17%-ზე დაბალი შაქრიანობის მქონე ყურძნის დაბალ ფასად ჩაბარება ღვინის ხარისხს გაზრდის.
მისივე ცნობით, ახალი მიდგომა მევენახეებს მაღალი ხარისხის ყურძნის წარმოებისკენ უბიძგებს, რაც საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის კონკურენტუნარიანობას გააძლიერებს.
"ხარისხი ძალიან მნიშვნელოვანია. ხარისხიანი ყურძნის მისაღებად ტერუარს (ბუნებრივ ფაქტორთა უნიკალურ ერთობლიობას, რომელიც ღვინის გემოს, არომატსა და ხასიათს განსაზღვრავს) ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. შესაბამისად, 17%-ზე დაბალი შაქრიანობის მქონე ყურძნის დაბალ ფასად ჩაბარება სწორი გადაწყვეტილებაა. აღნიშნული მიდგომა ჩვენი ღვინის ხარისხს გაზრდის და საერთაშორისო ბაზრებზეც დადებითად აისახება. ზოგადად, ქიმიური საშუალებებისა და შხამქიმიკატების გამოყენება ხარისხზე უარყოფითად მოქმედებს. მაგალითად, ჩვენი ვენახები, ბიო სერტიფიცირებულია და ვფიქრობთ, რომ მომავალი ნატურალურ ღვინოებს ეკუთვნის. მით უმეტეს ახლა, როდესაც ქართული ღვინო საერთაშორისო ბაზრებზე სხვა ქვეყნების ღვინოებს კონკურენციას უწევს.
ამასთან, ვფიქრობ, ყურძნის სუბსიდირება ეტაპობრივად აღარ უნდა გაგრძელდეს და აღნიშნული რესურსი სხვა მიმართულებით უნდა წავიდეს. მაგალითად, კარგი იქნება, თუ სახელმწიფო მეღვინეებს ვენახის მოვლისთვის საჭირო სპეციალურ ტექნიკას შეუძენს. ასევე მნიშვნელოვანია, საერთაშორისო გამოფენებში ქართული ღვინის მწარმოებლების მონაწილეობა უფრო ხელმისაწვდომი გახდეს", - აცხადებს მეღვინე.
ამასთან, თამარ მილორავა აზიური ბაზრის პერსპექტივებზე საუბრისას აღნიშნავს, რომ ქართულ ღვინოს ამ მიმართულებით დიდი პოტენციალი აქვს.
"ამ ეტაპზე მარანი "მილორაული" აზიურ ბაზარზე წარმოდგენილი არ არის. ზოგადად, აზიური ბაზრისთვის ქართული ქვევრის ღვინო საინტერესო პროდუქტია, რადგან აზიურ სამზარეულოს კარგად ერწყმის. ვფიქრობ, სწორედ ესაა ერთ-ერთი ფაქტორი, რის გამოც აღნიშნულ ბაზარზე ქართული ღვინის მიმართ ინტერესი მზარდია", - ამბობს მარნის წარმომადგენელი.
შეგახსენებთ, 3 აგვისტოს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან მეხუზლამ გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა, რომ სახელმწიფო არანაირ კომპრომისს არ დაუშვებს და 17%-ზე დაბალი შაქრიანობის მქონე ყურძენი ძალიან იაფად ჩაბარდება.
ცნობისთვის, მარანი "მილორაული" თელავში მდებარეობს, ხოლო ობიექტის ვენახები ახმეტის მიკროზონაშია გაშენებული, რომლის საერთო ფართობი დაახლოებით 7.5 ჰექტარია.