logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

"წელს საკმაოდ ბევრი მოგზაური დასასვენებლად მონტენეგროს, ხორვატიასა და მალტას ირჩევს" - Go Tour

წელს საკმაოდ ბევრი მოგზაური ირჩევს დასასვენებლად მონტენეგროს, ხორვატიასა და მალტას, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ ტურისტული კომპანია Go Tour-ის დამფუძნებელმა, ნინო წიკლაურმა განუცხადა.

მისი თქმით, ზაფხულის ტოპ მიმართულებად, ტრადიციულად, თურქეთი რჩება, თუმცა მიმდინარე წელს სხვა ქვეყნებიც გააქტიურებულია. როგორც ნინო წიკლაური განმარტავს, თურქეთზე მაღალ მოთხოვნას იქ არსებული მაღალი დონის სერვისი განაპირობებს.

ადგილობრივი ტუროპერატორების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ თურქეთში მოგზაურობა ყოველწლიურად ძვირდება და ფაქტობრივად, ევროპულ საზღვაო კურორტებზე დასვენების ფასების უტოლდება, თბილისიდან თურქეთის კურორტების მიმართულებით არსებული პირდაპირი ფრენები და იქ არსებული მომსახურების დონე (ე.წ all inclusive პაკეტები), მის კონკურენტულ უპირატესობას ზრდის.

შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ აქტიური ზაფხული გვაქვს. წლიდან წლამდე, ჩვენი კომპანიის მაგალითზე, ზაფხულის ჯავშნები ზრდის დინამიკას ინარჩუნებს. წელს, ყველაზე მეტი ტურისტული პაკეტი თურქეთისა და საბერძნეთის მიმართულებით გავყიდეთ. მაგრამ, ძალიან მიხარია, რომ ყოველწლიურად იზრდება მოთხოვნა ხორვატიის, მონტენეგროსა და მალტას სანაპიროებზე დასვენებაზე. ბოლო დროს, ჩვენი მომხმარებლები უფრო ისეთ მიმართულებებს არჩევენ, რომლებიც ადრე არ იყო აქტუალური“, - აღნიშნა Go Tour-ის დამფუძნებელმა.

ნინო წიკლაურმა საქართველოში ახალი ავიაკომპანიების შემოსვლის საკითხზეც ისაუბრა. ამ ჭრილში, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა დაბალბიუჯეტური, ნორვეგიული ავიაკომპანიის - Norwegian-ის შემოსვლაზე, რომელმაც 27 ივნისიდან ავიამიმოსვლა თბილისი - კოპენჰაგენის ხაზზე დაიწყო.

წიკლაურის ინფორმაციით, საქართველოდან წლიდან წლამდე იზრდება წვდომა და შესაბამისად, მოთხოვნაც ისეთ ტურისტულ მიმართულებებზე, რომლებიც აქამდე მაღალ ბიუჯეტურად მიიჩნეოდა. მათ შორის, სკანდინავიის ქვეყნებსა და შვეიცარიაზე.

ტუროპერატორების შეფასებით, ახალი ავიაკომპანიების შემოსვლა ბაზარზე კონკურენციას აძლიერებს, მგზავრებს მეტ არჩევანს სთავაზობს, რაც დადებითად აისახება ავიაბილეთების ფასებზე.

გამოგვყევით