ჩაი "მანნას" საკონტროლო პაკეტი კენიურმა კომპანია KTDA-მ შეიძინა. როგორც კომპანიის დირექტორი ირაკლი ღურჭუმელია "ბიზნესპარტნიორთან" აცხადებს, "მანნა" მომავალში ქართულ ჩაისაც ჩაიბარებს, თუმცა პროდუქციის ძირითადი ნაწილი კენიიდან შემოვა.
მისივე თქმით, კენიურმა კომპანიამ საქართველო რეგიონული ლოგისტიკური ჰაბის როლის გამო შეარჩია, რადგან აქედან სხვადასხვა ქვეყნის ბაზრებზე პროდუქციის მიწოდება უფრო მარტივია.
ირაკლი ღურჭუმელიას განმარტებით, თავად "მანნასთვის" ამ პარტნიორობის მთავარი სარგებელი კომპანიის გაფართოება და ბრენდის გლობალურ დონეზე განვითარებაა.
"ეს არის უზარმაზარი კომპანია, რომელიც აზიური ბაზრის 55% ამარაგებს და ჩვენს კომპანიაში წილში შემოვიდა. ამჟამად, საწარმოს გადაიარაღება მიმდინარეობს და ფაქტობრივად ახალი საწარმო იქნება. ჯერჯერობით $2 მლნ-ის ინვესტიცია განხორციელდა და აღნიშნული თანხა სავარაუდოდ, გაიზრდება. კენიური ჩაი მსოფლიოში აღიარებულია, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ჩაი. აღნიშნული კენიური კომპანია აქამდე ძირითადად, B2B ბიზნესზე იყო ორიენტირებული და "მანნა" შეიძინეს იმიტომ, რომ ახლა სურთ ბრენდის სახელით სხვადასხვა ბაზარზე გავიდნენ.
ამჟამად, გადაფორმების პროცესში ვართ და ბაზარზე ალბათ, სექტემბრიდან აქტიურად გამოვჩნდებით არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სხვადასხვა ქვეყანაში. კომპანია საქართველოში, "მანნას" საწარმოში შემოიტანს ჩიას და აქ მოხდება დაფასოება, გემოების შექმნა და ბაზრებზე გატანა. ადგილობრივი ბაზარი ინვესტორისთვის მცირეა, ამიტომ კომპანიის მთავარი აქცენტი ექსპორტზე, სავარაუდოდ კი ევროპულ ბაზარზე გაკეთდება. ძალიან დიდი წარმადობით იმუშავებს საწარმო. თვეში დაახლოებით, 70 ტონა ჩაი გადამუშავდება", - აცხადებს ირაკლი ღურჭუმელია.
ცნობისთვის, სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამმუშავებელი და დამფასოებელი საწარმო „მანნა“ 2017 წელს გაიხსნა და პროდუქცია სარეალიზაციო ქსელში 2018 წლიდან ჩაეშვა.კომპანიის საკუთრებაშია თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და დანადგარებით აღჭურვილი ქარხანა სოფელ საგურამოში.
რაც შეეხება KTDA-ს - KTDA (Kenya Tea Development Agency) კენიის ჩაის ინდუსტრიის ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშეა. კომპანია 69 ჩაის გადამამუშავებელ ქარხანას აერთიანებს და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩაის წარმოების, გადამუშავების, შეფუთვისა და ექსპორტის მიმართულებით.