თევზის გადამმუშავებელი საწარმო "უმალის" აღმასრულებელი დირექტორის დიმიტრი წვერავას ინფორმაციით, ივლისი კომპანიისთვის შედარებით რთული თვეა, თუმცა წელს ფეხბურთის ჩემპიონატის პერიოდში თევზის პროდუქტებზე მოთხოვნა 15-20%-ით გაიზარდა.
როგორც დიმიტრი წვერავა "ბიზნესპარტნიორთან" განმარტავს, "უმალი" სექტემბრიდან პროდუქციის რეალიზაციის 30%-იან ზრდას ელოდება, რასაც ასორტიმენტის გაფართოებას უკავშირებს.
"გაყინული ტილაპია და თინუსი უკვე ორი თვეა "დეილის" და "გვირილას" ქსელში შევიტანეთ. ამასთან, ჩვენი პროდუქცია წარმოდგენილია "ფრესკოში", ხოლო "ორ ნაბიჯთან" მოლაპარაკებები მიმდინარეობს და სავარაუდოდ, სექტემბრიდან ამ ქსელშიც გამოვჩნდებით. ზაფხულის სეზონზე ყველაზე დიდი მოთხოვნა შებოლილ და დამარილებულ თევზზეა. იმედი გვაქვს, რომ სექტემბრიდან, ასორტიმენტის გაფართოების ფონზე, პროდუქციის რეალიზაცია 30%-ით გაიზრდება. პროექტის საინვესტიციო ღირებულება დიდი არ ყოფილა, რადგან ახალი ასორტიმენტისთვის საჭირო ნედლეული უკვე გვქონდა. ამავდროულად სექტემბრიდან ბაზარზე გაყინული სკუმბრიის შეტანასაც ვაპირებთ. ასევე გვაქვს, შედარებით ახალი პროდუქტი თევზის ხემსი, რომელიც 100-გრამიან შეფუთვებშია მოთავსებული. ექსპორტზე გასვლას ჯერჯერობით არ ვგეგმავთ", - აღნიშნავს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი.
საწარმოს წარმომადგენელმა ასევე შეაფასა საქართველოს მთავრობის დადგენილებაში შეტანილი ცვლილება, რომელიც "სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილი, პლასტმასისგან დამზადებული გარკვეული პროდუქციის წარმოების, იმპორტისა და ბაზარზე განთავსების აკრძალვას" ეხება და განმარტა, რომ რეგულაციის უახლოეს პერიოდში ამოქმედება პროდუქციის ფასს დაახლოებით 40%-ით გაზრდიდა.
"ზოგადად, ჩემს კომპანიას ერთჯერადი პლასტმასის აკრძალვის რეგულაცია არ ეხებოდა, რადგან გერმანული აპარატურით ვმუშაობთ. გვაქვს ევროპული დანადგარები, რომლებიც სპეციალურ ფირზე მუშაობს, სწორედ იმ მასალაზე, რომელსაც ევროპაში იყენებენ. ერთჯერადი პლასტმასის აკრძალვის საკითხზე, როგორც მოქალაქე უარყოფითად ვიყავი განწყობილი. ვფიქრობდი, რეგულაციის უახლოეს პერიოდში ამოქმედება პროდუქციის ფასს დაახლოებით 40%-ით გაზრდიდა (მწარმოებლებს პროდუქციის თვითღირებულება გაეზრდებოდათ)", - ამბობს დიმიტრი წვერავა.
ცნობისთვის, კომპანია "უმალი" 50-მდე დასახელების პროდუქტს, მათ შორის ხიზილალას აწარმოებს. ძირითადი პროდუქტებია სკუმბრია, ქაშაყი, ქაშაყის ფილე, მოივა და სხვა.
"უმალი" ქართულ ბაზარზე 2017 წლის ივლისიდან ოპერირებს. კომპანია თევზპროდუქტებით საქართველოს მთელ ტერიტორიას ამარაგებს. რაც შეეხება ნედლეულს, კომპანია თევზის იმპორტს ნორვეგიიდან ახორციელებს, რომლის წილიც წარმოებაში 70%-ია, დანარჩენი 30% ქართულია. საწარმო ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ურბნისში მდებარეობს და მასში ამ დროისთვის 90 ადამიანია დასაქმებული.
ამასთან, შეგახსენებთ, რომ „ტექნიკური რეგლამენტის − სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილი პლასტმასის მასალებისა და ნაკეთობების (საგნების) შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 8 ივნისის №304 დადგენილებაში ცვლილება შევიდა.
ცვლილების თანახმად, საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის პლასტმასისგან დამზადებული ერთჯერადი გამოყენების სასურსათო კონტეინერებისა და ჭიქების საშუალებით მზა სურსათის მიწოდების აკრძალვის ამოქმედება გადავადდა.
სასურსათო კონტეინერების აკრძალვის ამოქმედების ახალ ვადად 2027 წლის 1 იანვარი, ხოლო ერთჯერადი ჭიქების აკრძალვის ამოქმედების ახალ ვადად 2027 წლის 1 ივლისი განისაზღვრა.