საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანიზებით ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს ფინანსური ბაზრის განვითარების პერსპექტივა - ინდექსები და ბირჟაზე ვაჭრობადი საინვესტიციო ფონდები“ გაიმართა.
ღონისძიება მიეძღვნა საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციების ინდექსების პრაქტიკულ გამოყენებასა და ინდექსზე დაფუძნებული საინვესტიციო პროდუქტების განვითარების პერსპექტივებს.
კონფერენცია ეყრდნობა 2026 წლის თებერვალში მიღწეულ მნიშვნელოვან პროექტს, როდესაც, პირველად ისტორიაში, საქართველოს ეროვნული ბანკის ხელშეწყობით, გამოქვეყნდა საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციების შვიდი ინდექსი. ინდექსები შეიმუშავა Intercontinental Exchange-მა (ICE) და ხელმისაწვდომი გახდა როგორც Bloomberg-ის (Bloomberg IND), ისე ICE-ის ინდექსების პორტალის (indices.ice.com) მეშვეობით.
კონფერენცია საქართველოს ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, ეკატერინე მიქაბაძემ გახსნა. მისასალმებელ სიტყვაში მან კაპიტალის ბაზრების განვითარების, საბაზრო ინდექსების პრაქტიკული მნიშვნელობისა და მათი საინვესტიციო პროდუქტებად გარდაქმნის როლზე ისაუბრა.
მისი თქმით, ინდექსების გამოქვეყნება მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს ფინანსური ბაზრის განვითარების გზაზე.
„ბოლო წლების განმავლობაში საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია და დღეს ჩვენ გვაქვს კარგად განვითარებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ბაზარი, ძლიერი საბაზრო ინფრასტრუქტურა, DVP (მიწოდება ანგარიშსწორების სანაცვლოდ) ანგარიშსწორების სისტემა და დანერგილი გვაქვს საინვესტიციო ფონდებისა და აქტივების მმართველების თანამედროვე ჩარჩო. დაგროვებითი საპენსიო სისტემა სულ უფრო მნიშვნელოვანი გრძელვადიანი ინვესტორი ხდება ადგილობრივ ეკონომიკაში. „ICE საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციების ინდექსები“ ამ სტრუქტურას მნიშვნელოვან ფუნდამენტურ ელემენტს სძენს. ისინი წარმოადგენენ გლობალურად აღიარებულ ბენჩმარკს - სამიზნე მაჩვენებელს და სრულად ფარავენ 10 წლამდე ვადიანობის ლარის სუვერენულ მრუდს. ICE-ის ინდექსების გამოყენებით შესაძლებელი ხდება სახაზინო ობლიგაციებში განხორციელებული შემოსავლიანობისა და რისკის მიმართ პორტფელების მართვა, საინვესტიციო მანდატების შემუშავება და საბოლოოდ საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციების ბაზართან დაკავშირებული ინდექსირებული საინვესიტიციო პროდუქტების განვითარება“, - აღნიშნა ეკატერინე მიქაბაძემ.
ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური ბაზრების დეპარტამენტისა და ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა წარადგინეს მოხსენებები საქართველოს განვითარების სტრატეგიულ ხედვასა და საინვესტიციო ფონდების მარეგულირებელ და საგადასახადო გარემოს შესახებ.
პანელური დისკუსიების მონაწილეებმა განიხილეს საქართველოში ინდექსებზე დაფუძნებული საინვესტიციო ფონდების შექმნის პრაქტიკული ნაბიჯები, ETF-ების განვითარების საერთაშორისო გამოცდილება, ასევე საინვესტიციო ბაზრის ეკოსისტემის გაძლიერებისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხები.
კონფერენციას ესწრებოდნენ Intercontinental Exchange-ის (ICE) წარმომადგენლები, აგრეთვე ადგილობრივი და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების, საინვესტიციო ფონდების მმართველი კომპანიების, საბანკო სექტორისა და აქტივების მართვის სფეროს წარმომადგენლები.
კონფერენცია მეორე დღეს ადგილობრივი ფინანსური ბაზრების მონაწილეებსა და ICE-ის წარმომადგენლებს შორის ორმხრივი შეხვედრების ფორმატში გაგრძელდა.