ეროვნული ბანკი არასაბანკო საფინანსო სექტორის რეგულირებას ამკაცრებს. სექტემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება, რომლებიც სესხის გამცემ სუბიექტებსა და ვალუტის გადამცვლელ პუნქტებს საქმიანობის დამატებით მოთხოვნებს დაუწესებს.
ცვლილებების მიხედვით, ორგანიზაციები ვალდებულები იქნებიან ყველა ოპერაცია სპეციალურ პროგრამულ სისტემაში რეალურ დროში აღრიცხონ, მომხმარებლებისთვის დეტალური ქვითრები გასცენ, ვიდეომეთვალყურეობის სისტემა უწყვეტ რეჟიმში ამუშაონ და ჩანაწერები კანონით განსაზღვრული ვადით შეინახონ. ეროვნული ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში კი შესაბამისი დოკუმენტაცია და ვიდეოჩანაწერები დაუყოვნებლივ უნდა წარადგინონ.
მკაცრდება ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების პრევენციის მიმართულებით მოქმედი მოთხოვნებიც. რეგულაციები ითვალისწინებს ფინანსური მონიტორინგის სისტემების გამართვას, ოპერაციების სრულყოფილ აღრიცხვას, ანგარიშგების დროულ წარდგენასა და მომხმარებელთა იდენტიფიკაციის პროცესის გაძლიერებულ კონტროლს.
ამასთან, ცვლილებების მიხედვით, ფინანსური ანგარიშგების ან სხვა მოთხოვნილი ინფორმაციის დადგენილ ვადაში წარუდგენლობა, არაზუსტი მონაცემების მიწოდება ან ეროვნული ბანკის წერილობითი მითითებების შეუსრულებლობა 1 000-ლარიან ჯარიმას გამოიწვევს. განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში სანქცია 10 000 ლარამდე გაიზრდება.
სესხის გამცემი სუბიექტებისთვის დამატებით წესდება სანქციები აქტივებისა და ვალდებულებების აღურიცხაობისთვის – ამ შემთხვევაში ჯარიმა 5 000 ლარია. ცალკეული მარეგულირებელი მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის გათვალისწინებულია 10 000-ლარიანი ჯარიმა, ხოლო განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში – 20 000 ლარი.
მკაცრდება სანქციები ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების პრევენციის მიმართულებითაც. თუ სუბიექტს არ ექნება შესაბამისი პროგრამული სისტემა, რომელიც საეჭვო ოპერაციების გამოვლენასა და სანქცირებულ პირთა ავტომატურ შემოწმებას უზრუნველყოფს, დაჯარიმდება 10 000-დან 15 000 ლარამდე, საქმიანობის ტიპის მიხედვით. სანქცირებულ პირებთან კანონმდებლობის დარღვევით განხორციელებული ოპერაციების თითოეულ ფაქტზე კი ჯარიმა 7 000-დან 10 000 ლარამდე განისაზღვრება.
ცვლილებები შეეხება ვალუტის გადამცვლელ პუნქტებსაც. ვიდეომეთვალყურეობის, სარეგისტრაციო მოთხოვნების, მომხმარებელთა ინფორმირებისა და სხვა რეგულაციების დარღვევისთვის ჯარიმები 2 000-დან 10 000 ლარამდე მერყეობს, განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში კი სანქცია 20 000 ლარს აღწევს. ამასთან, ანგარიშგების დაგვიანებით ან არაზუსტად წარდგენის, ასევე ეროვნული ბანკისთვის მოთხოვნილი ინფორმაციის არმიწოდების შემთხვევაში 1 000-ლარიანი ჯარიმაა გათვალისწინებული, ხოლო განმეორებითი დარღვევისთვის – 10 000 ლარი.