logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

Lomtadze Family Wine-ის მარანი ტურისტულ ინფრასტრუქტურას აფართოებს - ინვესტიცია ₾500 000-ია

რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხვანჭკარაში მდებარე Lomtadze Family Wine-ის მარანი ფართოვდება. პროექტის ფარგლებში ტურისტულ ობიექტს სამი ახალი სასტუმრო ნომერი ემატება, პარალელურად კი ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის საინვესტიციო ღირებულება ₾500 000-ია.

როგორც "ბიზნესპარტნიორთან" მარნის ერთ-ერთი დამფუძნებელი, სოფიო სამთელაძე განმარტავს, გაფართოების გადაწყვეტილება მომხმარებელთა გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე მიიღეს.

მისივე თქმით, სამუშაოები უკვე დაწყებულია, თუმცა ტურისტული სეზონის გამო პროცესი ეტაპობრივად მიმდინარეობს, რათა ვიზიტორებს დისკომფორტი არ შეექმნათ.

"სტუმრებს მრავალფეროვან სივრცეს ვთავაზობთ -  პირველ სართულზე განთავსებულია ტრადიციული მარანი, ხოლო მეორე სართულზე ორი კომფორტული სასტუმრო ნომერი გვაქვს. ამჟამად მიმდინარეობს გაფართოება - მესამე სართულზე კიდევ სამი ახალი ნომრის დამატებას ვგეგმავთ. ნომრების დამატებისა და ეზოს კეთილმოწყობის პროექტის საინვესტიციო ღირებულება ₾500 000-ია. სამუშაოები უკვე დაწყებულია, თუმცა ტურისტული სეზონის გამო პროცესის დაჩქარებას არ ვაპირებთ, რადგან სტუმრებისთვის დისკომფორტის შექმნა არ გვინდა. მომავალი წლის ამ დროისთვის ობიექტზე უკვე ხუთი დამატებითი ნომერი გვექნება. გაფართოების გადაწყვეტილება მომხმარებელთა გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე მივიღეთ.

რაც შეეხება მეღვინეობას, ხვანჭკარაში 2 ჰექტარი ვენახი გვაქვს. ვართ ნატურალურ მეღვინეთა ასოციაციის წევრები და მაქსიმალურად ჯანსაღ პროდუქტს ვაწარმოებთ. ვამზადებთ როგორც ქვევრის, ისე ევროპული წესით დაყენებულ ღვინოს. საერთო ჯამში ხუთი სახეობის ღვინო გვაქვს: ხვანჭკარა, ალექსანდრეული, წულუკიძის თეთრა (მშრალი), წულუკიძის თეთრა (ნახევრად ტკბილი) და ცოლიკაური. წელიწადში დაახლოებით 8 000 ბოთლ ღვინოს ვაწარმოებთ და უახლოეს პერიოდში წარმოების 10 000 ბოთლამდე გაზრდას ვგეგმავთ", - აღნიშნავს სოფიო სამთელაძე.

Lomtadze Family Wine-ის წარმომადგენელი საექსპორტო ხაზის გაფართოებაზეც საუბრობს და განმარტავს, რომ დაახლოებით ერთი თვის წინ კომპანიამ პროდუქციის პირველი პარტია მოლდოვაში გააგზავნა.

"ჩვენი პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე 8 000-ს მოსავალში და ღვინის სპეციფიკურ მაღაზიებში იყიდება. ვიზიტორებს შორის აზიელი ტურისტები ნაკლებად გვყავს, თუმცა ევროპელი სტუმრები – გერმანიიდან, საფრანგეთიდან და ჩეხეთიდან ჭარბობენ. საინტერესო ტენდენციაა, რომ ბოლო პერიოდში ახალი ზელანდიიდანაც გაიზარდა ვიზიტორთა რაოდენობა. ასევე გვყავს სტუმრები აშშ-დან, რუსეთიდან და რა თქმა უნდა, ჩვენთან ადგილობრივი ვიზიტორებიც მოდიან. ექსპორტს გერმანიაში, ჩეხეთსა და აშშ-ში ვახორციელებთ. დაახლოებით ერთი თვის წინ პირველი საექსპორტო პარტია მოლდოვაშიც გავგზავნეთ. აქტიურად ვმუშაობთ საექსპორტო ბაზრების გაფართოებაზე, ხოლო არსებული ბაზრებიდან ჩეხეთში მიწოდების მოცულობის გაზრდას ვგეგმავთ. ზოგადად, წარმოების 60% ექსპორტზე გაგვაქვს, დანარჩენი კი ადგილობრივ ბაზარზე იყიდება", - აცხადებს სოფიო სამთელაძე.

ცნობისთვის, ტურისტული ობიექტი Lomtadze family wine რაჭაში, ამბროლაურის რაიონში სოფელ ხვანჭკარაში მდებარეობს, ხოლო ადგილობრივ ბაზარზე 2015 წლიდან ოპერირებს.

გამოგვყევით