რაჭაში, სოფელ ხვანჭკარაში მდებარე Lomtadze Family Wine-ის მარნის ერთ-ერთი დამფუძნებლის, სოფიო სამთელაძის შეფასებით, ბიო ვენახის გაშენება და მოვლა საკმაოდ რთული და ხარჯიანი პროცესია, რადგან საჭირო პრეპარატები ძვირია, ხოლო შეწამვლის სამუშაოები ხშირადაა ჩასატარებელი.
როგორც სოფიო სამთელაძე "ბიზნესპარტნიორთან" განმარტავს, გასულ წლებთან შედარებით ბიო მევენახეობისა და ბიო ღვინის მიმართ ინტერესი მნიშვნელოვნადაა მომატებული. მისივე ინფორმაციით, ტურისტული მიმართულებითაც ახალი ტენდენცია გამოიკვეთა - ბოლო პერიოდში ახალი ზელანდიიდან ვიზიტორთა რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა.
"ასევე გვყავს სტუმრები აშშ-დან, რუსეთიდან და რა თქმა უნდა, ადგილობრივი ვიზიტორებიც აქტიურად გვსტუმრობენ.
რაც შეეხება ბიო ვენახის გაშენებას, ჩვენ თავად გვაქვს ბიო ვენახი და აღნიშნულ პროცესებს უშუალოდ ვაკვირდებით. ნატურალურ მეღვინეთა ასოციაციის წევრები ვართ და მაქსიმალურად ჯანსაღ პროდუქტს ვაწარმოებთ. ბიო ღვინის მიმართ მოთხოვნა იზრდება, როგორც ადგილობრივ, ისე უცხოურ ბაზარზე, რადგან მომხმარებლისთვის ჯანსაღი პროდუქცია სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება", - განმარტავს სოფიო სამთელაძე.
Lomtadze Family Wine-ის წარმომადგენელი რეგიონში არსებული გამოწვევების შესახებ საუბრისას აღნიშნავს, რომ რაჭაში მაღალი კლასის სასტუმროების დეფიციტია, რადგან ტურისტული ინფრასტრუქტურა განვითარებული არ არის.
"რეგიონში არაერთი პრობლემა არსებობს, რის გამოც ინვესტიციები ნაკლებად იდება. ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა გზების მდგომარეობაა. ასევე საჭიროა ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება. უცხოელი ვიზიტორებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ადგილზე მეტი გასართობი ობიექტი დახვდეთ. აუცილებელია რაჭის აქტიური პოპულარიზაციაც, რათა რეგიონი ტურისტების სამოგზაურო რუკაზე უფრო თვალსაჩინოდ იყოს წარმოდგენილი. ზოგადად, რაჭას ძალიან დიდი ტურისტული პოტენციალი აქვს, ვიზიტორებისთვის მიმზიდველი ადგილია, თუმცა განვითარება სჭირდება", - აღნიშნავს მარნის დამფუძნებელი.
ცნობისთვის, ტურისტული ობიექტი Lomtadze Family Wine რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხვანჭკარაში მდებარეობს და ადგილობრივ ბაზარზე 2015 წლიდან ოპერირებს. კომპანია როგორც ქვევრის, ისე ევროპული წესით დაყენებულ ღვინოს აწარმოებს. მარანში სულ ხუთი სახეობის ღვინოა წარმოდგენილი: ხვანჭკარა, ალექსანდრეული, წულუკიძის თეთრა (მშრალი), წულუკიძის თეთრა (ნახევრად ტკბილი) და ცოლიკაური. პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე 8 000 მოსავალში და ღვინის სპეციალიზებულ მაღაზიებში იყიდება, ხოლო ექსპორტზე გერმანიაში, ჩეხეთსა და აშშ-ში გადის. ამასთან, ღვინის მარნის ვენახი სოფელ ხვანჭკარაში მდებარეობს და 2 ჰექტარს მოიცავს.