ტურისტული ობიექტის Batumi World Palace Hotel-ის გაყიდვების მენეჯერის, ნია კურცხალიძის ინფორმაციით, ზაფხულის სეზონზე სასტუმროს მაღალი კლასის (LUX) კატეგორიის ნომრები მაქსიმალური დატვირთვით მუშაობს, რაც მაღალი სეგმენტის ნომრებზე მოთხოვნის ზრდას უკავშირდება.
როგორც ნია კურცხალიძე "ბიზნესპარტნიორთან" განმარტავს, მაღალი კლასის ნომრების ძირითადი მომხმარებლები უცხოელი ვიზიტორები არიან. კერძოდ, LUX ტიპის ნომრებზე განსაკუთრებით აქტიურია მოთხოვნა გერმანიის, პოლონეთისა და თურქეთის ბაზრებიდან.
"ივნისის თვეში სასტუმრო 50%-იანი დატვირთულობით მუშაობდა. ტურისტულ კომპანიებთან აქტიურად ვთანამშრომლობთ და წინასწარი ჯავშნები გვაქვს. მაგალითად, ივლისის მეორე ნახევრიდან აგვისტოს ჩათვლით 100%-იანი დატვირთვა გვაქვს, შესაბამისად, წარმატებულ საზაფხულო სეზონს ველოდებით. ვიზიტორებს რაც შეეხება, ძირითადად გერმანიიდან, პოლონეთიდან, რუსეთიდან და თურქეთიდან არიან. აღნიშნული სეგმენტი, როგორც მაღალმხარჯველუნარიანი, ასევე საშუალო კლასის წარმომადგენლები არიან. სასტუმროში LUX-ის კლასის, ჯუნიორ და სტანდარტული ნომრები გვაქვს. LUX კლასის ნომრები სამი ტერასით, სამი ჯაკუზით და ექვსი ჯუნიორ ნომრითაა წარმოდგენილი და მაქსიმალური დატვირთვით მუშაობს. აღნიშნულ ნომრებს ძირითადად უცხოელი სტუმრები იკავებენ", - აღნიშნავს ტურისტული ობიექტის წარმომადგენელი.
ნია კურცხალიძე აზიელი ვიზიტორების შესახებაც საუბრობს და განმარტავს, რომ ამ სეგმენტიდან ტურისტული ნაკადი გასულ წელთან შედარებით შემცირებულია.
"აზიელი სტუმრების ნაკადი გასულ წელთან შედარებით შემცირებულია, რასაც მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს ვუკავშირებთ. გაფართოებას, რაც შეეხება მაისის თვიდან სასტუმროს 7 ნომერი დავამატეთ. საინვესტიციო ღირებულების დასახელებისგან ბიზნესინტერესებიდან გამომდინარე თავს შევიკავებ. გაფართოების გადაწყვეტილება მომხმარებლის მოთხოვნიდან გამომდინარე მივიღეთ. ამ ეტაპზე, ტურისტულ ობიექტზე დამატებითი ინვესტიციების ჩადებას არ ვგეგმავთ", - ამბობს სასტუმროს გაყიდვების მენეჯერი.
ცნობისთვის, ბათუმში მდებარე Batumi World Palace Hotel 37 ნომრისგან შედგება და ადგილობრივ ბაზარზე რამდენიმე წელია ოპერირებს.