საქართველოს კაპიტალის ბაზარზე ზრდის დინამიკა შენარჩუნებულია. ბაზრის ზომა თითქმის 3 მლრდ ლარს აღწევს. საინვესტიციო ბანკები ზაფხულში უფრო მეტ აქტივობას ელოდებიან. როგორც „გალთ ენდ თაგარტის“ გენერალური დირექტორის მოადგილე „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას განმარტავს, კაპიტალის ბაზარი დაფინანსების წყაროს დივერსიფიკაციის საშუალებად ეტაპობრივად იქცა.
„კაპიტალის ბაზარი საქართველოში ბოლო წლებში დინამიკურად ვითარდება. წლევანდელი წელი ერთ-ერთი კარგი მაგალითია, ზაფხული კარგად დავიწყეთ. ამ კვირაში ვხურავთ IG Development-ის 82 მილიონიან განთავსებას, გარდა ამისა, ზაფხულში უფრო მეტ აქტიურობასაც ველოდებით. ბაზრის ზომა ქართული ეკონომიკის ჭრილში, კომპანიებს აძლევთ იმის შესაძლებლობას, რომ კაპიტალის ბაზარი დაფინანსების აქტიურ წყაროდ გამოიყენონ“,-აღნიშნა ქეთევან თოიძემ.
მისივე თქმით, რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური ვითარება ინვესტორების მოლოდინებზე გავლენას ახდენს.
„ირან-ამერიკის კონფლიქტის დასაწყისში, კაპიტალის ბაზარზე შემოსვლისას ინვესტორებისგან გარკვეული სიფრთხილე შეინიშნებოდა. თუმცა ეს გამოწვევა ამ დროისთვის, მეტ-ნაკლებად გადალახულია. რაც შეეხება საპროცენტო განაკვეთებს, მოლოდინის მიუხედავად, კლება ამ მიმართულებით არ დაფიქსირებულა და საპროცენტო განაკვეთი დოლარის ობლიგაციების შემთხვევაში 7-8%-ის ფარგლებში მერყეობს. ამასთან, მზარდია ობლიგაციების გამოშვებით დაინტერესებული სექტორების ჩამონათვალი“,-აღნიშნა ქეთევან თოიძემ.
მისივე განმარტებით, კომპანიები კაპიტალის ბაზარზე გასვლის და ობლიგაციების განთავსების გადაწყვეტილებას მხოლოდ საპროცენტო განაკვეთების გამო არ იღებენ.
„მათთვის ბონდის გამოშვება დაფინანსების წყაროების დივერსიფიკაციასთან ერთად, რეპუტაციული კომპონენტიცაა“,- განმარტა „გალთ ენდ თაგარტის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ.