logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"თუშური გუდა ტარხუნით" - The Cone Culture-მა ახალი ექსპერიმენტული გემო დაამატა

ექსპერიმენტალურ გემოებზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია, - ამის შესახებ ხელნაკეთი ნაყინის მწარმოებელი კომპანიის The Cone Culture-ის მენეჯერმა ქეთი მიქაშავიძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.

მისი თქმით, წელს კომპანიამ ასორტიმენტს ახალი გემოები - მათ შორის, თუშური გუდისა და ტარხუნის, ვერმუტის, ფორთოხლის და ქოქოსის ვეგანური ნაყინი, რომელიც ასევე, საკმაოდ მოთხოვნადია.

"ჩვენს სექტორზე ამინდი გარკვეულ გავლენას ახდენს, თუმცა სტაბილური მდგომარეობაა. სეზონურად ყოველთვის ვამატებთ ახალ გემოებს და წელს "ფრანუის" დესერტის გემოების კოლექცია დავამატეთ, რომლებიც ძალიან საინტერესოა - ჟოლოს და შოკოლადის წარმოუდგენლად გემრიელი კომბინაცია გამოვიდა და დიდი მოწონება დაიმსახურა ჩვენს სტუმრებში. ამასთან, წელს ბევრი საინტერესო კოლაბორაცია გავაკეთეთ სხვადასხვა ბრენდებთან -  მათ შორის, ცნობილი "ჰარიბოს" დათუნიების ნაყინი. ასევე, წელს ახალი ექსპერიმენტალური გემო დავამატეთ - თუშური გუდა ტარხუნით.

გარდა ამისა, შემოგვემატა ალკოჰოლის შემცველი გემოები - ვერმუტის, ფორთოხლის და ყურძნის სორბეტი და დავაბრუნეთ საფერავის ღვინის გემოც. აღნიშნული ნაყინი, რა თქმა უნდა, მხოლოდ 18+ მომხმარებლებზე არის გათვლილი და მოთხოვნა საკმაოდ მაღალია.

ზოგადად, მოთხოვნის კუთხით ყველა გემოს თავისი სეზონი აქვს, ანუ სეზონების მიხედვით მოთხოვნადი გემოებიც განსხვავდება, ამიტომ რომელიმე კონკრეტულის გამოყოფა გამიჭირდება", - აცხადებს ქეთი მიქაშავიძე.

მანვე აღნიშნა, რომ კომპანიას მიმდინარე პერიოდში ახალი ფილიალი არ გაუხსნია, თუმცა უქმე დღეებში კიკეთის ფერმაში ოპერირებს, რაც გაყიდვების ზრდას გარკვეულწილად ხელს უწყობს.

ცნობისთვის, The Cone Culture ნაყინის მწარმოებელი კომპანიაა, რომელსაც 8 წლიანი წარმოების ისტორია აქვს. კომპანია მომხმარებელს ნატურალური ხელნაკეთი ნაყინის ფართო ასორტიმენტსა და ორცხობილებს სთავაზობს - კერძოდ, 300-მდე გემოს ნაყინს. კომპანიას ამ ეტაპზე თბილისში ორი ფილიალი (შევჩენკოსა და ვეკუას ქუჩებზე) აქვს.

გამოგვყევით