კომპანია Nari Ceramic Studio-ის დამფუძნებლის, თამარ საბახტარიშვილის ინფორმაციით, კორპორაციული მიმართულებით კერამიკულ სერვისებზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება. როგორც "ბიზნესპარტნიორთან" თამარ საბახტარიშვილი განმარტავს, კომპანიების მხრიდან დაინტერესება მნიშვნელოვნადაა გაზრდილი და ყოველ თვეში საშუალოდ ერთი შეკვეთა მაინც ფიქსირდება.
მისივე თქმით, მომხმარებლებისთვის განსაკუთრებით საინტერესოა შემოქმედებით პროცესში ჩართვა და საკუთარი ხელით უნიკალური ნივთების შექმნა. ყველაზე დიდი მოთხოვნა ძერწვასა და ხატვაზე მოდის, ხოლო მზა პროდუქციიდან განსაკუთრებით პოპულარული კერამიკული ჭიქებია.
"კერამიკის სტუდიის სახელოსნო და შოურუმი ერთ სივრცეშია განთავსებული. ნედლეულს პარტნიორი ორგანიზაციისგან ვიძენთ, რომელსაც მასალა თურქეთიდან ჩამოაქვს. თეთრ თიხას ვიყენებთ და სამწუხაროდ, საქართველოში ამ მიმართულებით ხარისხიანი ნედლეული ხელმისაწვდომი არ არის. კომპანიის მიმართ დაინტერესება წინა წლებთან შედარებით მზარდია. მომხმარებლების უმრავლესობა ადგილობრივები არიან, თუმცა უცხოელი ვიზიტორები ევროპიდან და აზიის ქვეყნებიდან გვყავს.
ძირითადად სერვისების მიმწოდებელი სტუდია ვართ, სადაც მომხმარებლებს კერამიკაზე მუშაობა შეუძლიათ ისწავლონ. ამავდროულად, კომპანიებს ვორქშოპებსა და მასტერკლასებს ვთავაზობთ. სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს სურთ თანამშრომლებს განსხვავებული და შემოქმედებითი გამოცდილება შესთავაზონ. შესაბამისად, კერამიკაზე მუშაობა უფრო პოპულარული გახდა. მომხმარებლებს საკუთარი ხელით ნივთების შექმნა განსაკუთრებით მოსწონთ. ამასთან, ლიმიტირებული რაოდენობით ვამზადებთ ინტერიერის დიზაინისთვის განკუთვნილ ნივთებს და ჩვენს შოურუმში ვყიდით", - აღნიშნავს სახელოსნოს წარმომადგენელი.
თამარ საბახტარიშვილი სამომავლო გეგმებზე საუბრისას განმარტავს, რომ Nari Ceramic Studio-ის მიზანია ქვეყნის მასშტაბით ფილიალები გახსნას.
"გაფართოებას რაც შეეხება, მომავალში გვინდა, ქვეყნის მასშტაბით ფილიალები გავხსნათ, თუმცა ამ ეტაპზე დამატებით დეტალებს ვერ დავაკონკრეტებ. ბავშვებისთვის განკუთვნილ ვორქშოფებზე მოთხოვნა განსაკუთრებით ზაფხულში იზრდება, რადგან არდადეგების პერიოდში მშობლები შვილებისთვის საინტერესო და შემოქმედებით აქტივობებს ეძებენ.
რაც შეეხება სოციალურ ქსელებს - ონლაინ პლატფორმები ბიზნეს საქმიანობის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკური სივრცე გვაქვს, აუცილებელია გამართული და პრეზენტაბელური ონლაინ პლატფორმა, რადგან მომხმარებლების დიდი ნაწილი სწორედ სოციალური ქსელებიდან გვიცნობს და შემდეგ გვიკავშირდება", - ამბობს თამარ საბახტარიშვილი.
ცნობისთვის, Nari Ceramic Studio თბილისში, ჩუღურეთის რაიონში მდებარეობს, ხოლო ადგილობრივ ბაზარზე 2022 წლის ოქტომბრიდან ოპერირებს.