შემოსავლების სამსახურმა (RS) საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების დროული დადასტურების განახლებული ელექტრონული მექანიზმი წარადგინა, რომელიც მიზნად ისახავს პროცესის გამარტივებას, დროის დაზოგვასა და დღგ-ის ჩათვლის ოპერატიულად ასახვას.
შემოსავლების სამსახურის მეთოდოლოგიის დეპარტამენტის უფროსის, ლევან დგებუაძის ინფორმაციით, ახალი მექანიზმის მიზანია, გამყიდველსა და მყიდველს შორის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების დადასტურების პროცესი დროულად წარიმართოს და დეკლარაციების დაზუსტების ხშირი საჭიროება შემცირდეს.
"საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურას გამოწერს მხოლოდ დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) გადამხდელად რეგისტრირებული პირი. აღნიშნული დოკუმენტი ელექტრონულია და მისი დადასტურება მიმღები მხარის მიერ ელექტრონულად ხდება. ახალი წესის მიხედვით, თუ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა თვის ნებისმიერ დღეს – მაგალითად, პირველ ან 30 რიცხვში გამოიწერება, მიმღებ მხარეს მისი დადასტურებისთვის, ან უარყოფისთვის მთელი მიმდინარე თვე ექნება. თუმცა, თუ მომდევნო თვის 5 რიცხვისთვის ანგარიშ-ფაქტურა კვლავ დაუდასტურებელი დარჩება, მომხმარებელს შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ სერვისებზე წვდომა დროებით შეეზღუდება, ჩავუკეტავთ. ამასთან, გადამხდელს დამატებით კიდევ 10 დღე ექნება, რომ ანგარიშ-ფაქტურა მომდევნო თვის 15 რიცხვამდე დაადასტუროს, ან უარყოს. ეს არის გამყიდველსა და მყიდველს შორის ურთიერთობა: თუ სერვისს/საქონელს ითხოვ, ფაქტურაც დროულად უნდა დაადასტურო.
გვსურს, როგორც ანგარიშ-ფაქტურის გამომწერმა, ისე მიმღებმა მხარემ სრულყოფილად წარმოადგინოს დადასტურებული ანგარიშ-ფაქტურები. გამომწერმა დაბეგვრის მიზნებისთვის, ხოლო მიმღებმა დღგ-ის ჩათვლის გამო. ამ ცვლილებით შემცირდება დეკლარაციების ხშირი დაზუსტების საჭიროება. გარდა ამისა, პროცესის გასამარტივებლად გადასახადის გადამხდელებს შესაძლებლობა ექნებათ სისტემაში საკუთარი საკონტაქტო ნომერიც მიუთითონ", - აცხადებს ლევან დგებუაძე.
ცნობისთვის, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების დროული დადასტურების ახალი გამარტივებული მექანიზმი 2026 წლის 1 ოქტომბრიდან ამოქმედდება.