სამეგრელოში წარმოებულ რძის პროდუქტებზე მოთხოვნა იზრდება. როგორც "არია"-ს კომერციული დირექტორი თათა ქურხაშვილი “ბიზნესპარტნიორთან” აღნიშნავს, მოთხოვნის ზრდასთან ერთად, ყოველწლიურად იმატებს წარმოებული პროდუქტის რაოდენობაც.
"არია" ქართული ბრენდია, რომლის საწარმო და თხის ფერმა სამეგრელოში, სენაკის რაიონში, სოფელ მენჯში მდებარეობს და 60 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე რძის საწარმოს და ფერმას აერთიანებს, არის საერთაშორისო სტანდარტებით აღჭურვილი, წარმადობა კი დღეში 3 ტონა რძის გადამუშავებას მოიცავს
ამ ეტაპზე კომპანია "არია" ძროხის, თხის და კამეჩის რძით 50-მდე, ქართული და ევროპული სახეობის პროდუქტს აწარმოებს, რომელიც ყოველგვარი დანამატის და კონსერვანტების გარეშე მზადდება.
„ბაზარზე რამდენიმე წლის წინ გამოვჩნდით, ჩვენი მიზანი იყო გვეწარმოებინა 100%-ით ნატურალური რძის პროდუქტები და ყველი, რაც ძალიან კარგად მიიღო მომხმარებელმა. მუდმივად ვცდილობთ განვვითარდეთ, დავდივართ სხვადასხვა ქვეყნებში და ვეცნობით უახლეს მიდგომებსა და ტექნოლოგიებს. გვაქვს როგორც ახალგაზრდა, ისე დაძველებული ყველი, რომელსაც თავისი ტექნოლოგია აქვს და მუდმივად სჭირდება განსაკუთრებული ყურადღება. ჩვენს ასორტიმენტში 5 წლის დაძველების ყველსაც შეხვდება მომხმარებელი."- ამბობს თათა ქურხაშვილი.
"არიას" სამომავლო გეგმაშია ფერმის გაფართოება. ამ ეტაპზე კი კომპანიას მაღაზიები აქვს თბილისსა და ბათუმში, ასევე აქტიურად თანამშრომლობს HoReCa სექტორთან და რამდენიმე ქსელურ მაღაზიასთან.
