logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

Chona Brewery-მ კრაფტ ლუდის წარმოება დაიწყო - საწარმოს საინვესტიციო ღირებულება ₾600 000-ია

თბილისში (თხინვალას დასახლება) კრაფტ ლუდის ახალი მწარმოებელი Chona Brewery გამოჩნდა. ბიზნეს ობიექტის საწარმოს საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით ₾600 000-ს შეადგენს, ხოლო წარმოებაში გამოყენებული სპეციალიზებული დანადგარები ჩინეთის წარმოებისაა.

ობიექტის ერთ-ერთი დამფუძნებელი, დავით ჯანელიძე "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნავს, რომ მიმდინარე წლის მაისში კომპანიამ ე.წ. დრაივის ტიპის საფირმო მაღაზიაც გახსნა, რომლის საინვესტიციო ღირებულება ₾60 000-ია. მისივე თქმით, ქსელურ მარკეტებში შესვლა კრაფტ ლუდის მცირე მწარმოებლებისთვის ფინანსურად რთულია, რის გამოც კომპანიამ პროდუქციის რეალიზაციისთვის საკუთარი სავაჭრო ობიექტის გახსნა არჩია. 

დავით ჯანელიძის ცნობით, კომპანიის რეალიზაციის მოცულობა თვეში საშუალოდ 2 ტონას შეადგენს.

"ვაწარმოებთ ორი სახეობის ლუდს: ბელგიური ტიპის გაუფილტრავ ლუდს და გერმანული სტილის "ჰელესს". მიმდინარე თვეში ასორტიმენტს გერმანული ხორბლის გაუფილტრავი ლუდიც დაემატება. პროდუქციის ნაწილი 0.33-ლიტრიან შუშის ბოთლებშია ჩამოსხმული, ხოლო დანარჩენი ჩამოსასხმელი ლუდის სახით იყიდება. რეალიზაციის მოცულობა თვეში საშუალოდ 2 ტონას შეადგენს. ივნისში გაყიდვებმა 2.4 ტონას მიაღწია, ხოლო მიმდინარე თვეში კომპანია 3 ტონის რეალიზაციას ელოდება. ნედლეულის დაახლოებით 35% იმპორტირებულია, იტალიიდან შემოდის, დანარჩენს კი ადგილობრივ ბაზარზე ვიძენთ. წარმოებაში გამოიყენება მარნეულში მოყვანილი ქართული უძველესი ჯიში - დოლის ხორბალი. ადგილობრივ ბაზარზე ნედლეული ხელმისაწვდომია, თუმცა ფასით იმპორტირებულზე ძვირია, რის გამოც უპირატესობას მაღალი ხარისხის იტალიურ ნედლეულს ვანიჭებთ. ამჟამად ლუდსახარში თვეში დაახლოებით 3 ტონა ლუდს აწარმოებს. ვფიქრობ, უახლოესი 2–3 თვის განმავლობაში წარმოების მოცულობა 4 ტონამდე გაიზრდება", - აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი.

დავით ჯანელიძე პროდუქციის სარეალიზაციო ხაზზეც საუბრობს და განმარტავს, რომ პროდუქცია თბილისში ღვინის სპეციალიზებულ მაღაზიებშიც იყიდება.

"როგორც კრაფტ ლუდსახარში, კომპანია არსებული წარმოების მოცულობით ქსელური მარკეტებისა და HoReCa სექტორის სრულად მომარაგებას ვერ ახერხებს. სამომავლოდ წარმოების გაფართოებას ვგეგმავთ. ლუდსახარშის მიმდებარედ უკვე შეძენილი გვაქვს, დაახლოებით 1 000 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი, სადაც 4 სართულიანი შენობის აშენებას ვაპირებთ. პროექტი მერიასთან დაახლოებით 8 თვიანი პროცედურის შემდეგ შეთანხმებულია - სამშენებლო ნებართვა მივიღეთ. გეგმის მიხედვით, შენობის ორ სართულზე ახალი, უფრო მასშტაბური საწარმო განთავსდება, ასევე გაიხსნება საფირმო რესტორანიც. მშენებლობის დაწყება დაახლოებით ორ წელიწადში იგეგმება", - აღნიშნავს Chona Brewery-ის წარმომადგენელი.

დავით ჯანელიძე პროდუქციის შეფუთვაზე საუბრისას აღნიშნავს, რომ კომპანია ლუდს როგორც შუშის, ისე პლასტმასის ბოთლებში ასხამს.

"პროდუქციას 0.33-ლიტრიან შუშის ბოთლებში ვასხამთ, ხოლო სპეციალიზებულ მაღაზიებში ლუდი პლასტმასის ჩამოსასხმელ ჭურჭელში იყიდება. შუშის ბოთლებს ადგილობრივ ბაზარზე პარტნიორი კომპანიიდან ვყიდულობთ, რომელსაც მასალა თურქეთიდან შემოაქვს. შუშის 0.33 ლიტრიანი ბოთლების წარმოება საქართველოში არ ხდება, ან ძალიან დიდ თანხებთანაა დაკავშირებული.  ლუდის ბაზარი კრაფტ ლუდის კონტექსტში დადებითად შემიძლია შევაფასო. მომხმარებლებმა ლუდის ხარისხის შეფასება ისწავლეს, ხოლო ბაზარზე კონკურენცია ძალიან მაღალია", - აღნიშნავს Chona Brewery-ის დამფუძნებელი.

კრაფტ ლუდის მწარმოებელი  საქართველოს მთავრობის დადგენილებაში შეტანილ ცვლილებასაც, აფასებს, რომელიც "სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილი, პლასტმასისგან დამზადებული გარკვეული პროდუქციის წარმოების, იმპორტისა და ბაზარზე განთავსების აკრძალვას" ეხება და განმარტავს, რომ რეგულაციის უახლოეს პერიოდში ამოქმედება პროდუქციის ფასს დაახლოებით 35-40%-ით გაზრდიდა.

"ცვლილება ძალაში არ შევიდა, რადგან პოლიეთილენის ალტერნატივა ჯერ არ არის შემოთავაზებული. შესაბამისად, გაურკვეველია ის, თუ  რა მასალამ უნდა ჩაანაცვლოს. აღნიშნული რეგულაცია, ამოქმედების შემთხვევაში, ყველა ლუდის მწარმოებელს შეეხება. ჩვენი რეალიზაციის ძირითადი ნაწილი პლასტმასის ბოთლებში ჩამოსხმულ ლუდზე მოდის. თუ რეგულაცია შუშის ბოთლებზე გადასვლას მოითხოვს, აღნიშნული წარმოების ხარჯებს მნიშვნელოვნად გაზრდის. ლუდის ბაზარზე შუშის ტიპის შეფუთვა ჯერ კიდევ შეზღუდულად გამოიყენება, რის გამოც სავარაუდოდ, პროდუქციის ღირებულება დაახლოებით 35–40%-ით გაიზრდება", - აცხადებს დავით ჯანელიძე.

ცნობისთვის, კომპანია Chona Brewery რომელიც კრაფტ ლუდს აწარმოებს ადგილობრივ ბაზარზე 2026 წლის აპრილიდან ოპერირებს.

შეგახსენებთ, რომ სასურსათო კონტეინერების აკრძალვის ამოქმედების ახალ ვადად 2027 წლის 1 იანვარი, ხოლო ერთჯერადი ჭიქების აკრძალვის ამოქმედების ახალ ვადად 2027 წლის 1 ივლისი განისაზღვრა.

გამოგვყევით