ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ 21-ე საუკუნემ მოგვცა შესაძლებლობა განძს მიწაში კი არ ვეძებდეთ - არამედ, ეს ყველაფერი ჩვენს ეზოებსა და ხეობებში მოედინებოდეს, - ამის შესახებ მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის ხელმძღვანელმა გიორგი მარგებაძემ გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, საქართველო დამოკიდებულია მეზობელ ქვეყნებზე, მათ შორის, ელექტროენერგიისა და გაზის კუთხით და ქვეყანას აქვს შესაძლებლობა, რომ პოლიტიკური მდგენელი შექმნას, რომ პირიქით - ისინი გახდნენ საქართველოზე დამოკიდებული.
"უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ გეოგრაფიულად ისეთ ადგილას ვართ, რომელიც აკავშირებს აზიას და ევროპას. ჩვენ როდესაც შავი ზღვის კაბელზე ვსაუბრობთ - ვსაუბრობთ 1500 მგვტ-ზე, რომელსაც ემატება მწვანე დერეფანი, რომელიც დაახლოებით 3000 მგვტ-ია. ჯამში ეს, რომ სრული დატვირთვით იმუშავებს წლის განმავლობაში 36 მლრდ კვტ·სთ-ს გატანის შესაძლებლობა არის ევროპის მიმართულებით, რაც ევროებში დაახლოებით, 3 მლრდ ევროს შემოდინებაა. ამით რამდენი რამ შეიძლება გაკეთდეს.
დღეს ჩვენ ვართ დამოკიდებული ჩვენს მეზობლებზე, მათ შორის, ელექტროენერგიისა და გაზის სახით და შეგვიძლია პოლიტიკური მდგენელი შევქმნათ, რომ ჩვენზე დამოკიდებული გავხადოთ და ბევრი საფეხურით მაღლა ავიწიოთ საერთაშორისო პარტნიორების თვალში. მნიშვნელოვანი პროექტებია და დიდი მომავალი გვაქვს, რასაც სწორი დაგეგმვა და მუშაობა სჭირდება.
ბიუროკრატია სერიოზული პრობლემაა. აქ ცალსახად ბურთი სახელმწიფოს მხარესაა, ბევრი საკითხია, რომელიც უბრალოდ დუბლირებულია და ერთხელ, რომ რაღაცას გააკეთებ და გგონია დასრულდა, მეორე ჩნდება. ბიუროკრატიის ნაწილი მოსაგვარებელია, თუმცა ყველაზე მთავარი არის ტარიფი. მსოფლიოში ყველაფერი თუ ძვირდება როგორ შეიძლება ელექტროენერგია იგივე ფასი იყოს. ვინც, ელექტროენერგიას აწარმოებს მისთვის ტარიფი იგივეა. ჰიდროს ნაწილში ჩვენ თუ მგვტ-ს ვაშენებდით 1.8 მლნ დოლარის ფარგლებში - დღეს 1 მგვტ-ს მშენებლობა 2 მლნ-დან 2.4 მლნ-ის ფარგლებში ჯდება. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენთვის მშენებლობის დაფინანსება გაიზარდა და ტარიფი დარჩა იგივე, ჩვენი უკუგება დაახლოებით, 9-დან 10-წლამდე და როდესაც ბანკთან მიდიხარ სალაპარაკოდ ამას ემატება საბანკო პროცენტები, უკუგება ადის 14 წელზე. ვინ დაინტერესდება, რომ ამაში ფული ჩადოს?! მადლობა ღმერთს, რომ მცირე და საშუალო ჰესების აშენების მსურველი მაინც გვყავს, მაგრამ არა იმდენი რამდენიც უნდა გვყავდეს. ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენ ქვეყანაში შენდება უამრავი კორპუსი, მაგრამ ვერ აშენდა ჰიდროელექტროსადგური", - აცხადებს გიორგი მარგებაძე.