logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

"სტიქიის შედეგად რამდენიმე წინასწარი ჯავშანი გაუქმდა - დაზიანებულია სასტუმროს ინფრასტრუქტურა" - Wine Hotel Telavi

ტურისტული ობიექტის Wine Hotel Telavi-ის მენეჯერის, ბექა ცისკარიშვილის ინფორმაციით, თელავში მომხდარმა სტიქიამ სასტუმროს ინფრასტრუქტურა დააზიანა. კერძოდ, დაზიანებულია ეზოს ტერიტორია და სარდაფი, ხოლო შექმნილი ვითარების გამო რამდენიმე წინასწარი ჯავშანიც გაუქმდა.

როგორც ბექა ცისკარიშვილი "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნავს, გაუქმებული ჯავშნები, როგორც ევროპელ, ასევე ადგილობრივ ვიზიტორებს ეკუთვნოდათ. მისივე განმარტებით, ამ ეტაპზე ზარალის ოდენობის დათვლა მიმდინარეობს, ამიტომ კონკრეტულ თანხაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. ბიზნეს ობიექტის წარმომადგენლის ცნობით, სასტუმრო დაზღვეული არ იყო, რადგან მსგავსი მასშტაბის სტიქიურ მოვლენას არ ელოდნენ. შესაბამისად, მიყენებული ზარალის ანაზღაურება საკუთარი რესურსებით მოუწევთ.

"სტიქია ჩვენც შეგვეხო. დაზიანებულია სასტუმროს ეზოს ინფრასტრუქტურა. წყალი სარდაფშიც ჩავიდა, თუმცა მიმღების სივრცეში არ შესულა. ელექტროენერგია გარკვეული დროით გაითიშა, ხოლო გაზმომარაგება შეუფერხებლად გვაქვს. ზარალის ზუსტ ოდენობას ამ ეტაპზე ვერ დავასახელებ, რადგან მისი დათვლის პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს. 

სტიქიის შემდეგ რამდენიმე უცხოელმა და ადგილობრივმა ვიზიტორმა წინასწარი ჯავშანი გააუქმა. უცხოელი სტუმრები ძირითადად ევროპის ქვეყნებიდან იყვნენ. ხვალ რა იქნება და როგორი ტემპით ვიმუშავებთ ამის თქმა რთულია. ეზოში, მათ შორის აუზის ტერიტორიაზე, ინფრასტრუქტურა ჯერ კიდევ მოუწესრიგებელია. სწორედ ამიტომ სტუმრებს თავადაც ვურჩევ, რომ ჯავშნები გააუქმონ, რადგან არ მინდა უკმაყოფილო დარჩნენ - დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში დაგეგმილი ჯავშნების გაუქმება თავად ვთხოვე. ამჟამად სასტუმროში მყოფი სტუმრები ადგილზე რჩებიან, მათი ევაკუაცია საჭირო არ გამხდარა. ვფიქრობ, გარკვეული დროის შემდეგ ვიზიტორები თელავში ჩამოსვლას კვლავ გააგრძელებენ.

ამ ეტაპზე ადგილობრივი ხელისუფლება ქუჩების გაწმენდით სამუშაოებს აქტიურად ახორციელებს. მობილიზებულია დიდი რაოდენობით ტექნიკა, როგორც ვიცი დამხმარე ჯგუფები სხვა ქალაქებიდანაც არიან ჩამოსული", - აცხადებს სასტუმროს მენეჯერი.

ცნობისთვის, ტურისტული ობიექტი Wine Hotel Telavi თელავში, ალაზნის გამზირზე მდებარეობს და 28 ნომრისგან შედგება. სასტუმრო ადგილობრივ ბაზარზე 2019 წლიდან ოპერირებს.

შეგახსენებთ, რომ უხვი ნალექის შედეგად 12 ივლისს მდინარე თელავის ხევი ადიდდა. მოვარდნილი ღვარცოფი ქალაქის ქვედა ნაწილში მდებარე ხიდმა ვერ გაატარა, კალაპოტიდან გადმოსულმა მდინარემ კავკასიონისა და ალაზნის ქუჩები დატბორა. სტიქიის შედეგად დაიტბორა საცხოვრებელი სახლების სარდაფები, მაღაზიები, აფთიაქები, მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ყველა სახელმწიფო და კომერციული ობიექტი.

გამოგვყევით