ქართველი ავტოდილერები ყაზახი მყიდველების გააქტიურებას ელიან. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანია „ქარმარკის“ დირექტორმა, ირაკლი კუხიანიძემ განუცხადა, ყაზახეთში ახალი კანონი მიიღეს, რომლის მიხედვითაც, 1-ელი სექტემბრიდან აღნიშნულ ქვეყანაში, მსუბუქი ავტომობილების განბაჟება გაძვირდება.
„ამ ფაქტორიდან გამომდინარე, ველოდებით, რომ პირველ სექტემბრამდე საქართველოში როგორც ყაზახი დილერების, ისე ინდივიდუალური მყიდველების დიდი ნაკადი შემოვა, რომლებიც ეცდებიან, რომ კანონის ამოქმედებამდე მოასწრონ ყაზახეთში მანქანების შეყვანა“, - აღნიშნა ირაკლი კუხიანიძემ.
მისივე განმარტებით, თუ ასე მოხდება, ეს დაეხმარება ქართულ ავტოიმპორტიორ კომპანიებს, რომ მანქანების გარკვეული ნაწილი მაინც გაყიდონ.
როგორც „ქარმარკის“ დირექტორი აცხადებს, მიმდინარე წლის ზაფხული ქართული ავტო ინდუსტრიისთვის საკმაოდ რთულად მიმდინარეობს. დილერების შეფასებით, მას შემდეგ, რაც მანქანების განბაჟება საქართველოშიც გაძვირდა, რეალიზაციის მაჩვენებლებმა იკლო და გაყიდვები, ფაქტობრივად, 60%-ით შეუმცირდათ.
რაც შეეხება თავად ყაზახეთში მანქანების რეექსპორტს, ეს ქვეყანა ქართველი ავტოდილერებისთვის ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო ბაზარია. გასულ 2025 წელს, საქართველოდან ყაზახეთში ჯამში, 785 მილიონი დოლარის ღირებულების 44,767 ავტომობილია ექსპორტირებული.